ბატონო ჯონს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კონსტიტუციურ ცვლილებებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილებების განხორციელება?
ვერასდროს შევძლებთ განვსაზღვროთ თუ როდის შეიძლება კრიზისის წარმოქმნა. დღემდე საქართველოში არსებობს არასტაბილური ვითარება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ ეგუება ახალ ვითარებას და ოპოზიციაში ყოფნას. ასევე მთავრობა იძენს ოპოზიციასთან ურთიერთობის გამოცდილებას. ასეთ ვითარებაში ორივე მხარემ უნდა ისწავლოს ერთამენთთან ურთიერთობა. თუმცა, მე იმედს მაძლევს ბოლო დროს მათ მიერ ერთობლივად მიღებული დეკლარაცია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიმაჩნია, რომ ამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული კონსტიტუციით საქართველოს შეგვიძლია ვუწოდოთ სუპერ-საპრეზიდენტო ქვეყანა, რადგანაც პრეზიდენტს გააჩნია განსაკუთრებული უფლებები და შეუძლია ერთად დაითხოვოს როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა. პარლამენტის ძალაუფლების გაზრდის და ბალანსის დამყარების თვალსაზრისით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რასაკვირველია, კონსტიტუცია ოქტომბერში ყველა ვარიანტში შეიცვლება, მაგრამ მანამდე პრეზიდენტის გადამეტებული უფლებების შეკვეცა ძალიან მნიშვნელოვანია.
შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ყავს ძლიერი მთავრობა და ასევე ძლიერი ოპოზიცია, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. როგორ შეაფასებდით საქართველოს შანსს მოცემულ ვითარებაში და რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი პოლიტიკოსები?
რთულია ამ კითხვაზე პასუხი, რადგან არ ვიცით რა იქნება მომავალში. პარლამენტი ახორციელებს რეფორმებს საქართველოში. გამოვყოფდი იუსტიციის საბჭოს და ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმებს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. თუმცა, მეორეს მხრივ, საქართველოში მართლაც უპრეცედენტო სიტუაციაა. საქართველოში პირველად ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, როდესაც მმართველმა პარტიამ დაკარგა ხელისუფლება და ძალაუფლება მშვიდობიანი გზით გადასცა სხვა ძალას. ეს პოსტ-საბჭოთა სივრცეში პრაქტიკულად უპრეცენდენტო მოვლენაა, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით. ეს დიდი პროგრესია. თუმცა, რასაკვირველია, არის სირთულეები. ერთერთი მთავარი პრობლემაა თუ როგორ უნდა მოექცეთ ყოფილი მთავრობის წევრებს, ვინც დაარღვია კანონი და ჩაიდინა დანაშაული ან იყო კორუმპირებული. ეს კი ოპოზიციისთვის საკამოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან მათ არ სურთ დიდი ხნით ციხეში ყოფნა. როგორც ვიცი, ახლა საქართველოში მიდის სერიოზული მოლაპარაკებები შესაძლო ამნისტიის გამოცხადების შესახებ, პოზიტიურ ნაბიჯად ჩაითვლება, თუკი ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას გააუმჯობესებს.
იგივე თემა რომ გავაგრძელოთ, იმ დროს, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ითხოვს ამნისტიას ახალი ხელისუფგლებისგან ხოლო დასავლეთი კოჰაბიტაციას, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს სამართლიანობის აღდგენა და ძველი მთავრობის წევრების გასამართლება. სად არის ასეთ ვითარებაში ოქროს შუალედი?
კარგი და ამავე დროს რთული კითხვაა. ბევრი სხვა სახელმწიფოს გამოციდლებაზე დაყრდნობით, ასეთ პროცესს შესაძლოა ჩვენ ვუწოდოთ გარდმავალი სამართლიანობის აღდგენა. ანუ თუ რა უნდა მოვუხერხოთ ძველი მთავრობის დანაშაულს და ამავდროულად მოვახერხოთ მათი პოლიტიკურ სისტემაში დაბრუნება. სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას საქართველო. ასევე ბევრი ქართველი ფიქრობს დასავლეთის თვალსაზრისით. დასავლეთს კი უბრალოდ სურს სტაბილურობა. მეორეს მხრივ, ძველი მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულების შედეგად ბევრი ქართველი დაზარალდა და რასაკვირველია მათ სურთ სამართლიანობის აღდგენა. ამ დილემის მოსაგვარებლად, ერთერთი გზა შესაძლოა იყოს გარდამავალი სამართლიანობა. ეს ნიშნავს, იმას, რომ არ არის აუცილებელი კრიმინალების ციხეში ჩასმა, არამედ მათ უბრალოდ ასამართლებს საზოგადოება საჯარო განხილვების დროს.ეს ძალიან რთული პროცესია. შესაძლოა ამის შედეგად სამართლიანობა ბოლომდე არ იყოს აღდგენილი, თუმცა თქვენ უნდა იფიქროთ პოლიტიკური მომავლის შესახებაც.
საქართველოს ახალი მთავრობა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. ძველი მთავრობა ამას სკეპტიკურად უყურებს. როგორ აფასებთ ამ პროცესს და რამდენად რეალურია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება?
საქართველოში იყო რუსეთის სანიტარული სამსახურის დელეგაცია და მიაღწიეს შეთანხმებას ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ. ვფიქრობ, ამის შემდეგ „ბორჯომის“ ჯერი დგება. რუსეთთან ვაჭრობა საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. თუმცა ვიდრე რუსეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება რუსეთსა და საქართველოს შორის. თუმცა, ვაჭრობის აღდგენა უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებისთვის.