ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ-ამერიკული ურთიერთობები


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველ ვადაში თავისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება აქცია. თუმცა, როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა იუწყება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამჯერად დაღმასვლის სტადიაშია.

ბარაკ ობამას პირველ საპრეზიდენტო ვადაში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ე.წ. გადატვირთვის ღილაკმა განსაზღვრა. ეს იყო პრინციპი რომმლის ამოქმედებამაც ორ ქვეყანას შორის ახალ ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი და ჯორჯ ბუშის დროს რუსეთთან გაცივებული ვითარება გაალღო. გადატვირთვის ღილაკმა კონკრეტული შედეგები მოიტანა, ისეთი როგორიც არის ბირთვული იარაღის შემცირებაზე ახალი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ასევე რუსეთმა ავღანეთისკენ მიმავალ ამერიკულ ჯარებს თავის ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენების უფლება მისცა. აღსანიშნავია თანამშრომლობა ირანის საკითხში - მოსკოვმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გაეროს უშიშროების საბჭოში მხარი დაუჭირა.

ამ ყველაფრის მიუხედავად ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში ვითარების გაუარესება შეიმჩნევა. რუსეთის საკითხების ექსპერტი სტივენ ჯონსი ამ მოსაზრებას ავითარებს.

„ნათელია, რომ ურთიერთობა ამ მომენტისთვის აჭრილია და ამას ერთგვარი კავშირი აქვს პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადასთან,“ - ამბობს სტივენ ჯონსი.

ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად მესამეჯერ გასული წლის მაისში აირჩიეს. მან ამ პოსტზე დმიტრი მედვედევი შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ პრემიერის პოსტზე ვლადიმირ პუტინი ჩაანაცვლა.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი რეიჩელ დენბერი ამბობს, რომ პუტინმა საბჭოთა პერიოდის მმართველობის სტილი დაამყარა.

„რუსეთში ადამიანის უფლებების მონიტორინგის 21 წლიან პერიოდში, არასდროს მინახავს ისეთი წნეხი სამოქალაქო საზოგადოებაზე, როგორიც ეხლაა,“ - ამბობს დენბერი.

რუსეთის პარლამენტმა, რომელსაც პუტინის მომხრე პარტია „ერთიანი რუსეთი“ აკონტროლებს, მიიღო რამდენიმე კანონი რითაც ადამიანის უფლებები გააუარესა. მათ შორის არის, დემონსტრაციების შეზღუდვა, ღალატის ცნების გაფართოვება, ინტერნეტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაკონტროლება.

შეერთებულ შტატებში კონგრესმა მიიღო ე.წ მაგნიტსკის აქტი. კანონს სახელი რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის მიხედვით ეწოდა, რომელიც 2009 წელს ციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ის დაპატიმრებამდე რუსეთის ხელისუფლებაში კორუფციის საკითხს იკვლევდა, რის საფუძველზეც ქვეყანაში ყველაზე მსხვილამსშტაბიანი გადასახადების დამალვის სქემა გაშიფრა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამერიკის კონგრესმა სანქციები დაუწესა იმ რუს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან მხილებული.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი ამბობს, რომ მოსკოვმა „მაგნიტსკის აქტის“ საპასუხო ნაბიჯი გადადგა.

„რუსეთმა ეს აღიქვა, როგორც საშინაო საქმეებში ჩარევა, როცა რუსეთის მოქალაქეებს რაიმეში დებენ ბრალს. შესაბამისად, რუსეთის პარლამენტმა ამერიკაში რუსი ბავშვების გაშვილება აკრძალა,“ - აცხადებს ლეგვოლდი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების კიდევ ერთი ნიშანი, რუსეთის მხრიდან 10 წლიანი შეთანხმების გაწყვეტა, რომელიც დანაშაულთან და ნარკობიზნესთან ერთობლივ ბრძოლას შეეხებოდა. პარალელურად, ვაშინგტონმა უკან გაიწვია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო საკითხებზე იყო შექმნილი.

ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება, სამოქალაქო საზოგადოებაზე პუტინის წნეხის შედეგია. ლეგვოლდი და სხვა ანალიტიკოსები უახლოეს თვეებში რუსულ-ამერიკული ურთიერთობის პროგნოზირებას ვერ ახერხებენ. ლეგვოლდი ამბობს, რომ გაცივება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ორივე მხარე გადატვირთვის რელსებზე დაბრუნებას არ შეეცდება.
XS
SM
MD
LG