ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ანტიამერიკული კამპანია


ურთიერთობა ამერიკას და რუსეთს შორის კვლავ ცივი ომისმაგვარ ფაზაში გადადის

რუსეთმა ოთხშაბათს ქვეყანაში ამერიკული ხორცის იმპორტი შეწყვიტა. იმავე დღეს სამთავრობო ვებგვერდზე პრემიერ დმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი შეერთებულ შტატებთან კანონდაცვითი და არალეგალური ნარკოტიკების კონტროლის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა. მიზეზად „თანამედროვე რეალობების გაუთვალისწინებლობა და პოტენციალის ამოწურვა“ დასახელდა.

ამ ნაბიჯებს ანალიტიკოსები ამერიკაში ახლახან მიღებულ კანონზე პასუხად აღიქვამენ, რომელიც მკაცრ სანქციებს აწესებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან ეჭვმიტანილები. მათ შეეზღუდებათ სავიზო მიმოსვლა და ვერ ისარგებლებენ საბანკო ანგარიშებით. ამას დაემატა ამერიკის მიერ სამოქალაქო საზოგადოებების მუშაობის ხელშემწყობი ერთობლივი ხელშეკრულების დატოვებაც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელებული წნეხით ახსნა.

ამერიკული ხორცის იმპორტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში ორ კვირაში შედის. შეერთებული შტატების ეკონომიკას ეს სულ ცოტა 500 მილიონი დაუჯდება.

დევიდ სეტერი, რუსეთის სპეციალისტი ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ იმპორტის შეწყვეტა სავიზო რეჟიმის შესახებ სანქციებზე უშუალო პასუხია. „ეს აშკარად შურისძიების ფორმაა. მათ ამერიკის ეკონომიკის დაზარალება სურთ“ - აღნიშნავს ექსპერტი.

რუსეთის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ძროხის და ღორის ხორცის აკრძალვას მასში ერთ-ერთი დანამატის არსებობით ხსნიან, სახელწოდებით რაკტოპამინი, რომლის დამატებითაც ხორცი შედარებით უფრო მჭლე ხდება. მაშა ლიპმანი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტოლოგი, ამბობს, რომ დანამატი აქ არაფერ შუაშია და რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურები ელემენტარულად კრემლის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი საშინაო პოლიტიკური ვითარებით არის გამოწვეული. ანტიამერიკანიზმი და ამერიკის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ფართოდ გამოიყენებოდა სამოქალაქო აქტიურობის დისკრედიტაციისთვის. იმ მოძრაობის, რომელიც რეჟიმისთვის აშკარა გამოწვევას წარმოადგენდა“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება კანონდაცვითი და არალეგალური ნარკოტიკების კონტროლის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ორივე მხარე დაზარალდება. შეერთებული შტატები რუსეთს ნარკოტიკების გავრცელებასთან, საერთაშორისო პროსტიტუციასთან, ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმთან და კომპიუტერულ კრიმინალებთან ბრძოლაში ეხმარებოდა. ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევდა დანაშაულებებთან ბრძოლაში ამერიკის სუბსიდირებით ესარგებლა. მეორეს მხრივ, რუსეთი დასავლეთსაც სჭირდება, ამბობს დევიდ სეტერი.

„ეს ის სფეროა, რომელშიც რუსეთი დასავლეთს შესაძლოა გამოადგეს. რუსული დამნაშავეობა მთელ მსოფლიოს არის მოდებული. და არავის ესმის დედამიწაზე ისე კარგად რუსული კრიმინალისტიკა, როგორც თავად რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს“ - აღნიშნავს სპეციალისტი ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტიდან.

მაშა ლიპმანი თვლის, რომ კრემლი უბრალოდ გამაფრთხილებელ ყვითელ სიგნალს ანთებს, თორემ ურთიერთთანამშრომლობა ამ საკითხებში არ შეწყდება. მისი აზრით, უნივერსალურად მიღებულია ის აზრი, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა, განსაკუთრებით ნარკოტიკების გავრცელების სფეროში, ცალკეულ ქვეყანას სხვებისგან დამოუკიდებლად არ შეუძლია.

ფაქტია, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა რუსეთთან პუტინის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ორივე ქვეყნის მხრიდან ერთობლივი ხელშეკრულებების დემონსტრატიული დატოვება შემთხვევითი არ არის, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მთელი სერიის ნაწილია. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ უკანასკნელი მოვლენები მიუთითებენ იმაზე, რომ ურთიერთობა ამერიკას და რუსეთს შორის კვლავ ცივი ომისმაგვარ ფაზაში გადადის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG