ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა


24 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი შეეხო ახალი არჩევნების ჩატარების გზებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმას.

"გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად, ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან", - განაცხადა მან.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან ერთად განიხილეს, მათ შორის, 29 დეკემბრის შემდგომი სამოქმედო გეგმაც.

"მიმდინარეობს მუშაობა. იმაზე ვთანხმდებით, რომ პრინციპული საკითხები უნდა იყოს შეთანხმებული. იმ შემთხვევაში, თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება და წამოვა მოლაპარაკებებზე, მზად უნდა გვქონდეს კრიზისიდან გამოყვანის ხედვები.

მეტნაკლებად, ჩვენი მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო მზადაა. თუმცა მოლოდინი არავის გვაქვს, რომ ამ კეთილდონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება. 29 დეკემბრის შემდეგაც უნდა გვქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გეგმა", - თქვა მან.

პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს დღეს ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების კონტურები გამოიკვეთა. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, როგორც საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა: "ამ მხრივ მთავარი მიმართულება არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური, ეს არის სალომე ზურაბიშვილი".

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა დიალოგში ჩაერთოს და შეხვდეს მხარეებს ან თუნდაც პირისპირ - მას. პრეზიდენტი საუბრობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც, მისივე თქმით, არის "რეჟიმის ჩამოშლა".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მიკროფონის გათიშვის გამო, მას თავისი სიტყვის დასრულების საშუალება არ მიეცა.

"დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას.

მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე, მე მზად ვარ და მივიღებ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და იქვე ამატებს, რა გეგმა აქვს, თუკი ბიძინა ივანიშვილი დიალოგზე უარს იტყვის:

"29-დან, უკვე თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისი, დიალოგი... მეორე ვარიანტი, მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტები საზოგადოების, ახალი ჩინოსნების სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი, ვინც დღეს კობახიძესთან მივიდა...".

საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო.

უკვე 26 დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდება აქციები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება მომდევნო ოთხი წელი არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG