ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს - ეს "გლობალური მაგნიტსკის" აქტის ფარგლებში ხდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის და დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის მთელი 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციებისას.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს იმისთვის, რომ დააწესოს სავიზო შეზღუდვები დამატებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩართულნი იყვნენ ძალადობაში, ასევე მუნიციპალური ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც ბოროტად გამოიყენა მათი ძალა, რომ შეეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის ხმის მიცემის უფლება იძულებისა და დაშინების გარეშე.
სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ დღევანდელი სანქციები არის გაგრძელება იმ სავიზო შეზღუდვებისა, რომლებიც გასულ კვირას გამოცხადდა, აფართოებს ამერიკის სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რაც სექტემბერში დაწესდა და ემატება და ავსებს ასევე იმ სანქციებს, რომლებიც 19 დეკემბერსვე დიდმა ბრიტანეთმა მიიღო. ასევე იმას, რაც სხვა ევროპულმა ქვეყნებმა დააწესა.
"ამერიკა მტკიცედ გმობს ქართველი ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წევრების, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების, ოპოზიციონერების მიმართ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვრჩებით ერთგულნი იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც ადამიანის უფლებათა დარღვევებში და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობს", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი.
რას მოიცავს სანქციები გომელაურის და კეზევაძის წინააღმდეგ?
19 დეკემბერს დაწესებული სანქციების შედეგად, ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის ნებიმიერი ქონება და/ან წილები/ინტერესი იმ ქონებაში, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაშია, ან კონტროლის ქვეშაა, იბლოკება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს - OFAC-ს.
ასევე ნებისმიერი ფირმა/კომპანია/ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ჯამურად, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან მეტ დაბლოკილ პირს, ასევე დაბლოკილია. ამერიკის მოქალაქეებს შეიძლება დაეკისროთ სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ განკარგულების დარღვევისთვის.
გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ გარკვეულ ტრანზაქციებს, ან საქმიანობას სანქცირებულ პირებთან, თავად შეიძლება აღმოჩნდნენ სანქციების წინაშე - აკრძალვები მოიცავს ნებისმიერ კონტრიბუციას ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას სანქცირებული პირისთვის, მის სასარგებლოდ ან მისგან.