ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასას ზონდი მზესთან რეკორდულად ახლო მანძილზეა


მხატვრის კონცეპტუალური ნამუშევარი აჩვენებს სოლარული ზონდის "პარკერის" მზესთან მიახლოებას.
მხატვრის კონცეპტუალური ნამუშევარი აჩვენებს სოლარული ზონდის "პარკერის" მზესთან მიახლოებას.

24 დეკემბერს ნასას სოლარული ზონდი "პარკერი" მზესთან რეკორდულად ახლო მანძილზე მივიდა. ის მზიდან 6.1 მილიონი კილომეტრის დაცილებით იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზონდის სიმხურვალისგან დამცავმა ფარმა ცელსიუსით 930 გრადუსზე მეტს გაუძლო.

2018 წლის აგვისტოში გაშვებული კოსმოსური ხომალდი შვიდწლიან მისიაზე იმყოფება. ნასა - შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო - ჩვენი სისტემის ვარსკვლავის შესახებ სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებას ცდილობს, რათა დაეხმაროს კოსმოსური ამინდის მოვლენათა პროგნოზირებას, რაც ზოგჯერ გავლენას დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზეც ახდენს.

„ეს ნასას თამამი მისიების ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც იმას აკეთებს, რაც აქამდე არავის არასდროს უქნია, რათა პასუხი გასცეს დიდი ხნის წინ დასმულ კითხვებს ჩვენი სამყაროს შესახებ“, - თქვა "პარკერის" სოლარული ზონდის პროგრამის მეცნიერმა არიკ პოზნერმა 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ექსტრემალურ პირობებში ზონდი "პარკერი" მეცნიერებს მზესთან დაკავშირებულ საიდუმლოებათა ამოცნობაში ეხმარება. სხვა მიზნებთნ ერთად, ნასას მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ რატომ არის მზის გვირგვინი უფრო ცხელი, ვიდრე - სხვაგან და რა იწვევს გვირგვინიდან მასშტაბურ ამოფრქვევებს.

კოსმოსში "პარკერის" სიჩქარე საათში დაახლოებით 690 000 კილომეტრია. თვითმფრინავი რომ დედამიწაზე მსგავს სიჩქარეს ავითარებდეს, ის ვაშინგტონიდან ტოკიოში წუთზე ნაკლებ დროში ჩაფრინდებოდა.

ზონდს სახელი ამერიკელი ფიზიკოსის, იუჯინ ნიუმან პარკერის პატივსაცემად დაარქვეს. ის პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც დღეს სოლარული ქარის სახელით ცნობილი მოვლენის შესწავლა დაიწყო. მისმა კვლევებმა საფუძვლიანად შეცვალა მეცნიერთა წარმოდგენა ვარსკვლავების და მათ გარშემო არსებული ორბიტების ურთიერთობის შესახებ.

XS
SM
MD
LG