ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასას კიდევ ერთი ისტორიული დღე


ახალი 2019 წლის დადგომიდან სულ რაღაც ნახევარ საათში, კოსმოსის შესწავლის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ნასას კოსმოსური ზონდი New Horizons (ახალი ჰორიზონტები) პირველად მიუახლოვდა ყველაზე შორ კოსმოსურ ობიექტს, რომელიც ადამიანის ხელით შექმნილ აპარატს როდესმე შეუსწავლია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიამ, რომელმაც ზონდი ააგო და მას აკონტროლებს, დღეს განაცხადა, რომ ჩაუფრინა ობიექტს სახელწოდებით 2014 MU69. მას ასევე ეძახიან Ultima Thule. ეს ობიექტი სულ რამდენიმე წლის წინ, 2014 წელს აღმოაჩინეს, ტელესკოპ "ჰაბლის" დახმარებით.

კოსმოსური ზონდი დაახლოებით პატარა როიალის ზომისაა. მან 2015 წელს პლუტონს ჩაუფრინა. ობიექტი კი, რომელსაც ზონდმა ამ დილით ჩაუფრინა, პლუტონიდან დაახლოებით 1.6 მილიარდი კილომეტრით, დედამიწიდან კი 6.5 მილიარდი კილომეტრითაა დაცილებული.

ზონდის New Horizons გაშვება 2006 წელს დაახლოებით 800 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. დღეს, შუადღეზე ნასა ბრიფინგს გეგმავს, რომელზეც მისიის წარმატების შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის.

"ეს არის დღე, როცა ჩვენ ყველაზე შორეული ობიექტის შესწავლა ახლოდან დავიწყეთ" - დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერზე პროექტის წამყვანმა მეცნიერმა ალან შტერნმა. მან ამ ფაქტს წლის წარმატებული დასაწყისი უწოდა - წლის, რომელიც მთვარეზე პირველი ადამიანის, ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის დაბიჯების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG