ორშაბათს საღამოს მარსზე წარმატებით დაჯდა ნასას, შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს მორიგი მისია. ახალი რობოტი სახელად "ინსაითი" წითელ პლანეტაზე მიწისძვრებს შეისწავლის.
კოსმოსურმა ხომალდმა ასობით მილიონი კილომეტრი 6 თვეში დაფარა. მარსის ატმოსფეროში შესვლას მას 6.5 წუთი დასჭირდა. პლანეტის ზედაპირზე პარაშუტით დაჯდომისთანავე "ინსაითმა" ორი მზის ბატარეა გაშალა და მარსის პირველი ფოტოები დედამიწაზე სულ რამდენიმე წუთში გამოაგზავნა.
"ნასასთვის დღს განსაკუთრებული დღეა" - თქვა ჯიმ ბრიდენსტინმა, აშშ-ის კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მარსზე დაჯდომიდან რამდენიმე წუთში მას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაურეკა და პროექტზე მომუშავე ჯგუფს წარმატება მიულოცა.
ნასამ ბოლო 40 წლის მანძილზე მარსზე 8 მისია გაუშვა. აქედან 7 პლანეტაზე წარმატებით დაეშვა. ბოლო მისია მარსზე 6 წლის წინ, 2012 წელს დაჯდა, რომელმაც პლანეტაზე რობოტი "კურიოზითი" ჩაიყვანა.
Facebook Forum