ჯიმ, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. რა არის სეკვესტრი, როგორ იწყება ის და რა იწვევს პროცესის ამოქმედებას?
ეს ყველაფერი 2011 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა პრეზიდენტი და კონგრესი ცდილობდნენ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას. ეს ძალიან დიდი თანხაა. ამერიკის ეროვნული ვალი ამჟამად დაახლოებით 16 ტრილიონი დოლარია. სეკვესტრი კონგრესმა დაამტკიცა, როგორ უკანასკნელი მექანიზმი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო, თუ დეფიციტის შემცირებაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდებოდა. სეკვესტრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდებოდა საბიუჯეტო დანახაარჯების ავტომატური შემცირება, რომელიც მძიმე შედეგებს მოიტანდა. ამ შედეგების თავიდან აცილება კი ორივე მხარეს კომპრომისისკენ უბიძგებდა. ეს ასე არ მოხდა. სეკვესტრი პოლიტიკური ბერკეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან არ გაამართლა და პირველი მარტიდან 85 მილიარდი დოლარის შეკვეცა ძალაში შევიდა.
საიდან იკვეცება ეს 85 მილიარდი დოლარი?
ამჟამად ამერიკის ბიუჯეტი - ანუ სახელმწიფოს ხარჯები - 3 ტრილიონს აღემატება. 85 მილიარდი დოლარი ამ თანხისმნიშვნელოვან ნაწილს არ წარმოადგენს. თუმცა, მისი 50 პროცენტი თანაბრად გადანაწილდება ყველა სამთავრობო სააგენტოზე და მეორე ნახევარი კი თავდაცვის დეპარტამენტზე. ასევე არის გარკვეული სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც შეკვეცები საერთოდ არ შეეხება. მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება და ხანდაზმულების ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები. ეს პროგრამები პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე თემებია და ამის გამო, პოლიტიკოსები მათი შემცირებისგან თავს იკავებენ. ამის გამო ყველაზე დიდი დარტყმა სხვა სამთავრობო დანახარჯებზე და თავდაცვაზე მოდის.
თავდაცვის სექტორსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ. რამდენად შეძლებს ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების იგივე დონეზე დაცვას? რამდენად მძიმე იქნება ის შედეგები, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტს მიადგება?
ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ ვიცით იმის გამო, რომ სეკვესტრი ნელი ტემპით მიმდინარეობს. მოსახლეობას ჯერ არც კი უგრძვნია მისი შედეგები. თუმცა, ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელიც სამხრეთ ამერიკის თემებზე მუშაობს, უკვე განაცხადა, რომ თუ სეკვესტრი გაგრძელდება - და ყველაფერს ისეთი პირი უჩანს,რ ომ ის აუცილებლად გაგრძელდება - ამერიკა ვეღარ შეძლებს ისე აქტიურად აღკვეთოს სამხრეთ ამერიკიდან ამერიკის ტერიტორიაზე შემოსული ნარკოტიკების გადაადგილება. ეს ერთი ძალიან კონკრეტული მაგალითია ამ შედეგების. წესით, სეკვესტრი არ უნდა შეეხოს საბრძოლო მოქმედებებს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას. თუმცა, შეკვეცები აუცილებლად შეამცირებს ტრეინინს და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. გარდა ამისა, პენტაგონი ათასობით ადამიანს სამუშაო დღეებს და შესაბამისად ხელფასსაც შეუმცირებს ან უხელგფასო შვებულებაში გაუშვებს.
წარსულში მომხდარა თუ არა მსგავსი სეკვესტრი შეერთებულ შტატებში და თუ გვაქვს ასეთი მაგალითი, რა შედეგები ჰქონდა მას?
1980-ანებში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა სახელწიფო დეფიციტის შემცირება სცადეს. სწორედ მაშინ დაიწყო სეკვესტრის - ასე ვთქვათ - ჩარჩოების ჩამოყალიბება. ამ პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სახელმწიფო პროგრამები შეიკვეცა, მაგრამ წარსულში სეკვესტრი ყოველთვის გამოყენებული იყო პოლიტიკური წნეხი. კონგრესი საბოლოო ჯამში ყოველრთვის აღწევდა შეთანხმებას სხვადასხვა პროგრამების შეკვეცაზე ისე, რომ სეკვესტრი არ ამოქმედებულიყო. ამჟამად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კონგრესი იმდენად პოლარიზებულია, რომ კომპრომისზე არავინ მიდის. სეკვესტრი ძალაში არასოდეს უნდა შესულიყო. ახლა კი, ორივე პარტის თანაბარი წვლილი მიუძღვის იმაში რაც მოხდა.
თქვენი აზრით, რა გავლენა ექმება სეკვესტრს ამერიკის საერთაშორისო დახმარების პროგრამებზე?
ჯერ არც ესაა ცნობილი. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა ადგილობრივ პროგრამებს შეეხება სეკვესტრი. რამდენიმე რესპუბლიკელმა უკვე გააკეთა განცხადება საერთაშორისო დახმარების დანახარჯებზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ეს პროგრამები ამერიკის ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ ერთი პროცენტია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი შეუმცირდა სოციალურად დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებს, გამოძიების ფედერალურ ბიუროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და კიდევ უამრავ სხვა პროგრამას, მაშინ საერთაშორისო დახმარების იგივე დონეზე გაგრძელებას მხარდამჭერები მოაკლდება.
როდის შეჩერდება სეკვესტრაცია?
ცოტა ხანში კონგრესმა სექტემბრამდე მთავრობისთვის საჭირო დანახარჯები უნდა დაამტკიცოს. 85 მილიარდი დოლარით დანახარჯების შემცირება ფისკალური წლის განმავლობაში დარჩება ძალაში. შეიძლება პრეზიდენტმა მოახერხოს და გარკვეული პროგრამები გადაარხჩინოს სეკვესტრს. ყოველ შემთხვევაში დემოკრატებს ამის მიღწევა სურთ. მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ ორივე პარტია აცნობიერებს იმას, რომ შეკვეცები ქვეყანას წლის ბოლომდე გაჰყვება და ეს კონგრესს უფრო მეტი წნეხის ქვეშ აქცევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ.
რესპუბლიკელებისთვის გამარჯვებაა ის, რომ შეკვეცები წლის ბოლომდე დატოვონ ძალაში. დემოკრატებმა კი მაშინ მოიპოვეს ერთი გამარჯვება, როცა პრეზიდენტმა მდიდარ ფენას გადასახადები გაუზარდა. ანუ, ორივე მხარეს უკვე აქვ ხელჩასაჭიდი გამარჯვება მოპოვებული. რას ნიშნავს ეს მომავლისთვის? .... ეს ჯერ არ ვიცით.
ვნახოთ რა მოხდება...
ჯიმ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.