ამერიკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სეკვესტრის შედეგებს ჯერჯერობით ვერ გრძნობს. თუმცა, ეს არ ითქმის ვაშინგტონზე, სადაც თავს იყრის ფედერალური მთავრობის ძირითადი უწყებები. სეკვესტრის პირველმა ძლიერმა ტალღამ ყველაზე მეტად თავდაცვის დეპარტამენტი დააზარალა. განსაკუთრებით, კი დეპარტამენტთან სამუშაო კონტრაქტებით დაკავშირებული ფირმები.
მათ შორისაა მცირე ზომის კომპანია „დეივის ინტერიერები“, რომელიც ტერიტორიულად ვირჯინიის შტატში, ქალაქ ნორფოლკში მდებარეობს. ის საზღვაო ფლოტის გემებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ ავეჯს და მოწყობილობებს ამზადებს. ფირმის ადმინისტრატორი, უიტნი მეტზგერი ამბობს, რომ სეკვესტრი მათთვის საკმაოდ მტკივნეულად დაიწყო.
“თანამშრომლებს სამუშაო საათები შევუმცირეთ. თითქმის ყველა ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიყვანეთ. ზოგი მხოლოდ 3 დღე იმუშავებს. ალბათ მალე ხალხის დათხოვნაც მოგვიწევს“ - ამბობს უიტნი.
კომპანია მხოლოდ ერთია უამრავ კერძო ფირმას შორის, რომელიც აღმოსავლეთ ვირჯინიაში შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს ემსახურება. იქ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი მსახურობს. თავდაცვის დეპარტამენტი იძულებით შვებულებაში სულ 90 ათასი კონტრაქტორის გაშვებას გეგმავს, რაც ადგილობრივ ეკონომიკას თანდათან დიდ ზარალს მიაყენებს. განსაკუთრებით დიდი დარტყმაა 11 გემის მომსახურების შეწყვეტა, რომლებიც ქალაქ ნორფოლკში მდებარეობენ.
დევიდ უილიამსი კომპანია „დეივის ინტერიერში“ უკვე 25 წელია მუშაობს. დევიდი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სამთავრობო დაკვეთების შემცირება თანამშრომლების სამუშაო საათებზე და ხელფასზე უშუალო გავლენას ახდენს.
„ძალიან ვნერვიულობ ამ შეკვეცებზე. ჯერ კიდევ წინა შემცირებებისგან ვერ მოვშუშებულვართ. გადასახადები ბოლომდე არც გადაგვიხდია, ძალიან ცუდ დღეში ვართ“ - წუხს დევიდი.
უიტნი მეტზგერის თქმით, მათ იცოდნენ, რომ უცხოეთში საომარი კამპანიები სრულდება და შესაბამისად სამხედრო პროგრამები იზღუდება. მაგრამ სეკვესტრი იმაზე სწრაფი და დრამატული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. იმდენად, რომ მათი ბიზნესი შესაძლოა საერთოდ დაიხუროს.
„არც ვიცით, რა იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე კონტრაქტი, რომლებიც კონკურსით მოვიპოვეთ. მაგრამ რა მოხდება მათი დასრულების შემდეგ? სეკვესტრის გამო ახალი კონტრაქტები აღარ დაიდება“ - ამბობს უიტნი.
თავდაცვის დეპარტამენტის კონტრაქტორი ფირმების უმეტესი ნაწილი ვირჯინიის შტატშია განლაგებული. ეკონომისტები შიშობენ, რომ სეკვესტრის გამო შეიძლება მთელი შტატი თანდათან რეცესიამ მოიცვას.