ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დახურულ სივრცეში მოწევა საერთოდ არ შეიძლება


რუბრიკა გალილეო: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თამბაქოს კვამლის შემდეგ დარჩენილი უხილავი კანცეროგენული ნარჩენებიც ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

რუბრიკა „გალილეო“ დღეს თამბაქოს კვამლის ნარჩენების შესახებ ჩატარებულ ახალ კვლევას გაგაცნობთ, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოწევის შემდეგ კვამლისგან დალექილი უხილავი კანცეროგენული ნარჩენები ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

თითქმის ყველამ იცის, რომ მათ, ვინც ნებისმიერი ინტენსივობით ეწევა თამბაქოს - სიგარეტის, სიგარის, ყალიონის, ან სხვა სახით და კვამლს უშუალოდ საკუთარ ფილტვებში, ან პირის ღრუში უშვებს, პირველად მწეველებს უწოდებენ. არსებობს მეორადი, ე.წ. პასიური მწეველი. მათ შესახებაც არაერთხელ წაგვიკითხავს. ეს არის ადამიანი, რომელიც თავად არ ეწევა, მაგრამ ატმოსფეროში სხვის მიერ გაშვებულ კვამლს შეისუნთქავს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:22 0:00
ბმული

თითქმის არაფერი გვსმენია კვამლის ნარჩენების და მათთან შეხების საფრთხეების შესახებ. სულ რამდენიმე წლის წინ, 2010 წელს, ჰარვარდის კიბოს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითმა ჯგუფმა შემოიღო ახალი ტერმინი, რომელსაც პირობითად შეიძლება მესამეჯერადი თამბაქოს კვამლი ვუწოდოთ (Third Hand Smoke). მისი მავნებლობის შესახებ შედარებით ნაკლები ვიცით, თუმცა კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს. საუბარია იმ ნარჩენებზე, რომელიც თვალით უხილავია და თამბაქოს კვამლის გაფანტვის შემდეგ სხვადასხვა ზედაპირზე ილექება.

- არ მოწიოთ, არც სხვისი მოწეული კვამლი შეისუნთქოთ და ეცადეთ არც ისეთ შენობაში მოხვდეთ, სადაც როდესმე ვინმე ეწეოდა. თვალით უხილავი კანცეროგენული ნარჩენები ისევე მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც მოწევა, ან სხვისი მოწეულის შემდეგ კვამლის შესუნთქვა - აცხადებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის მეცნიერები. მათ დაადგინეს, რომ დალექილი, დაგროვილი და დაძველებული ნარჩენები ტოქსიკურია, დიდი რაოდენობით კანცეროგენებს შეიცავს და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მავნებელია.

უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი, მანუელა მარტინს-გრინი ყვება, რომ მათ ექსპერიმენტები თაგვებზე ჩატარეს. სხვა დანარჩენ სიმპტომებთან ერთად, „განსაკუთრებული დაზიანებები მათ ღვიძლზე და ფილტვებზე აღენიშნათ. ჭრილობების შეხორცებასაც გაცილებით დიდი დრო სჭირდებოდა. თაგვები ჰიპერაქტიურობითაც გამოირჩეოდნენ“ - აღნიშნავს პროფესორი.

მანუელა მარტინს-გრინი სამეცნიერო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელმაც აღნიშნული კვლევა ჩაატარა. ის ამბობს, რომ თაგვების ორგანიზმში განსაკუთრებით მოიმატა ლიპიდების დონემ, ფიქსირდებოდა კოლაგენის გამომუშავების აქტიური ზრდა და ფილტვებში ანთებითი ციტოკინების დონის მატება. ეს ყოველივე კი არაერთი მომაკვდინებელი დაავადების გამომწვევ წინაპირობად ითვლება.

ტოქსიკური ნივთიერებები მეცნიერების დასკვნით, ბინებში, სასტუმროებში, თუ ნებისმიერი ტიპის ნაგებობაში, მობინადრეთა გადასვლის შემდეგაც ძალიან დიდხანს რჩება. უნდა მოვერიდოთ სახლში მოწევას, თუნდაც ამ დროს ბავშვები სკოლაში იყვნენ. ვინაიდან, სახლში დაბრუნების შემდეგ მათ შეიძლება კანცეროგენული ნარჩენები ბინის ნებისმიერ ზედაპირზე დალექილი დახვდეთ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც თაგვების მაგალითზე სიგარეტის კვამლის ნარჩენების მავნებლობა დაადასტურა. მათი განცხადებით, მიღებული შედეგები საფუძველს მომავალ სამეცნიერო კვლევებს უყრის, რომელიც ტოქსიკური ნარჩენების გავლენას უკვე ადამიანებზე შეისწავლის. მათი ვარაუდით, ეს ყოველივე კანონმდებლებისთვისაც საყურადღებო უნდა იყოს, ვინაიდან მსგავსი შედეგები სავარაუდოდ რეგულაციებზეც დიდ გავლენას მოახდენს.
XS
SM
MD
LG