ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში კოვიდ-რეგულაციები მკაცრდება


ევროპის სახელმწიფოები კოვიდ-19-ის გავრცელების შემზღუდავ რეგულაციებს ამკაცრებენ. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ ე.წ. "ლოქდაუნია"

ავსტრია დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდ 19-ის გამო ამგვარ შეზღუდვებს განაახლებს. ვენამ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ პარასკევს განაცხადა. ავსტრიის კანცლერმა თქვა, რომ ხელისუფლება სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებაზეც მუშაობს. შეიზღუდება არაარსებითი ბიზნესების მუშაობა და მოქალაქეებსაც სახლიდან გამოსვლის უფლება გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით ექნებათ. გერმანია ავსტრიის მსგავსი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. თუმცა ამ ქვეყნებში არსებობს შიში იმის შესახებ, რომ მათი ეკონომიკა კვლავ ძლიერ დაზარალდება.


გერმანიაში ჰისპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების რიცხვმა კონკრეტულ ზღვარს გადააჭარბა, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ისევე, როგორც რესტორნებში არ დაიშვებიან ისინი, ვინც არ არის აცრილი, ან ვისაც კოვიდ-19 გადატანილი არ აქვს. საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისა და სამუშაო ადგილებზე მისასვლელად კი ყველა აუცრელმა კოვიდ-19-ზე გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს.

საფრანგეთში კოვიდ-საშვები ივლისიდან მოქმედებს. სწორედ ამგვარი დოკუმენტით დაიშვებიან მოქალაქეები ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა თეატრები, მუზეუმები თუ სხვა. აგვისტოში ეს შეზღუდვა რესტორნებში და გრძელი რეისების მქონე მატარებლებშიც ამოქმედდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა ამ ეტაპზე ახალი "ლოქდაუნის" შესაძლებლობა გამორიცხა. მისი თქმით, ვაქცინაციის სერთიფიკატების გამო, ამის აუცილებლობა აღარ არის.

იტალიაში 15 ოქტომბრიდან საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ყველა მოქალაქისთვის ვაქცინაცია ან კოვიდ-ნეგატიური ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო გახდა. სხვა მკაცრი ზომები ამ ეტაპზე ჯერ არ ამოქმედებულა.

ესპანეთმა კი თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში კვლავ რჩება შეზღუდვები ბარებში. კატალონია კი მომხმარებლებს ღამის კლუბებში კოვიდაცრის სერთიფიკატის გარეშე არ უშვებს.

ჰოლანდიაში ბარები, რესტორნები და მაღაზიები სულ მცირე 3 დეკემბრამდე ჩვეულებრივზე ადრე დაიხურება. მანამდე გულშემატკივრებს ასევე აკრძალული აქვთ ყველანაირ სპორტულ ღონისძიებაზე ფიზიკურად დასწრება. აცრის, გამოჯანმრთელების ან უარყოფითი პასუხის წარმოდგენა საჭიროა ნებისმიერ ბარში, რესტორანში თუ სხვა მსგავს დაწესებულებაში შესასვლელადაც. ნებისმიერ ადგილზე, მაქსიმუმ 1250 ადამიანის ერთდროულად ყოფნაა დასაშვები.

ბელგიაში დასაქმებულები კვირაში 4 დღე სახლიდან მუშაობენ. დახურულ სივრცეში 10 წელზე უფროსი ყველა მოქალაქე ვალდებულია ატაროს პირბადე. კოვიდ-საშვები, ტესტის პასუხები და გამოჯანმრთელების ცნობები ასევე სავალდებულოა ყველა დახურულ კაფესა თუ რესტორანში მოსახვედრად.

დანიამ კოვიდსაშვები ნოემბერში თავიდან აამოქმედა როგორც კაფე-რესტორნებში, ისე მოხუცებზე ზრუნვის დაწესებულებებში და დახურულ სივრცეში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაზე.

საბერძნეთი მომდევნო ორშაბათიდან აუცრელ მოქალაქეებს დახურულ სივრცეებში შესვლას შეუზღუდავს. მათ შორის რესტორნებში, კინო-თეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში, - ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ კოვიდ-უარყოფითი ტესტი ექნებათ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნიდან საერთაშორისო ფრენების რეგულაციებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი - ბუსტერ დოზის მოთხოვნაც დაემატება. თუმცა ამ დროისთვის მსგავსი რეგულაცია არ იმოქმედებს ქვეყნის შიდა, ეროვნულ ფრენებზე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 19 იანვრიდან მგზავრებს შეეძლებათ აცრის სტატუსი სისტემის - "ჯანდაცვის ეროვნული სერვისი - კოვიდ საშვი" - მეშვეობით წარმოადგინონ. ბუსტერის სავალდებულო მოთხოვნა არ ექნებათ იმ მგზავრებს, რომლებიც ინგლისში ჩადიან.

XS
SM
MD
LG