გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით ქვეყანაში პანდემიური ვითარება დრამატულია, რის გამოც მერკელი ე.წ. ბუსტერის/ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას უჭერს მხარს. ანგელა მერკელი ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ მოქალაქეებსაც მიმართავს და სთხოვს შეიცვალონ აზრი.
ანგელა მერკელის შეფასებას, რომ გერმანიაში პანდემიური ვითარება დრამატულია, ამყარებს ციფრებიც. მხოლოდ ერთ დღეში გერმანიაში ინფიცირების 52 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ კვირასთან შედარებით ინიცირებულთა რაოდენობა მესამედით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი რთული პანდემიური ვითარება გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან არ ყოფილა და ქვეყანაში ინფიცირების და გარდაცვალების მონაცემები რეკორდულია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა, სულ პანდემიის პირობებში კი ვირუსს 98 274 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერისადმი მიმართვის დროს, მერკელმა ძირითადი ყურადღება ანტივაქსერებს დაუთმო და მათ არჩევანის შეცვლა სთხოვა.
„არ არის გვიანი ვაქცინის მიღება. ყველა ვინც ვაქცინას გაიკეთებს იცავს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ევროპის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 68 პროცენტი არის სრულად აცრილი. დასავლეთ ევროპაში მაღალია ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მაშინ, როცა მოსახლეობის 5 პროცენტს მესამე დოზა ე.წ. ბუსტერი აქვს გაკეთებული.
ანგელა მერკელს მიაჩნია, რომ პანდემიასთან საბრძოლველად ეროვნული ძალისხმევაა საჭირო, მერკელი ასევე ფიქრობს, რომ საჭიროა ქვეყანაში ე.წ. ბუსტერის გამოყენება აქტიურად დაიწყოს.
დრამატული პანდემიური ვითარების გამო ანგელა მერკელი დღეს გერმანიის რეგიონალურ ლიდერებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება შეზღუდვების დაწესების საკითხი.
Facebook Forum