ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“, საკუთარი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას, გაეროს მიერ მხარდაჭერილ სხვა მწარმოებლებსაც აძლევს. ეს ნაბიჯი აბებით მკურნალობის საშუალებას მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მისცემს.
„ფაიზერის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მწარმოებელი ანტივირუსული აბებისთვის ლიცენზიას ჟენევაში დაფუძნებულ მედიკამენტების საპატენტო ფონდს გადასცემს. ეს გენერიკული წამლების კომპანიებს საშუალებას მისცემს, აბები 95 ქვეყანაში გამოყენებისთვის აწარმოონ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს.
ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიუხედაავად იმისა, რომ „ფაიზერის“ აბები ჯერ ავტორიზებული არსად არ არის, მწარმოებლის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ეს პანდემიის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყობს ხელს. კომპანიის მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, "ფაიზერის" აბები უსაფრთხოა და მას ეფექტურობის ძალიან მაღალი მაჩვენებლები აქვს.
შეთანხმების პირობების მიხედვით, „ფაიზერი“ უარს ამბობს დაბალი შემოსავლის ქვეყნებში გაყიდვებიდან მოგება მიიღოს. ასევე უარს ამბობს, შეთანხმებაში შესულ ქვეყნებში, პროდუქტი თავად გაყიდოს.
მიმიდნარე თვის დასაწყისში „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული აბები, კორონავირუსით მსუბუქი და ზომიერი ინფიცირების მქონე ადამიანებში, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკს 90%-ით ამცირებს. კვლევის შედეგები იმდენად კარგი იყო, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ექსპერიმენტის შეჩერების რეკომენდაციაც კი გასცეს.
ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან, ასევე ევროკავშირის თუ სხვა რეგულატორებისგან მედიკამენტის ავტორიზაციას რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვს.
Facebook Forum