გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს. რეზოლუციას "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 5 ქვეყანა, 35-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციას რუსეთთან ერთად, მხარი არ დაუჭირა ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ბელარუსმა.
რეზოლუცია "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" იმ რეზოლუციის მსგავსია, რომლის თაობაზეც 25 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გამართა კენჭისყრა და რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. რუსეთის გარდა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.
განსხვავებით უშიშროების საბჭოსგან, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრაში არცერთ ქვეყანას არა აქვს ვეტოს უფლება.
გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის ამ ფორმატში გამართვას კვირას უყარა კენჭი გაეროს უშიშროების საბჭომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბლოკა რეზოლუციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღება.
რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, თუმცა, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მას დიდი პოლიტიკური წონა აქვს.
რეზოლუცია „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“
კენჭისყრამდე 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიმართა სესიას.
გაეროში უკრაინის ელჩმა სერგი კისლიცამ მოითხოვა, რომ გენერალური ასამბლეის სხდომა ჩატარდეს პროცედურით, რომელიც „მშვიდობისთვის გაერთიანების“ რეზოლუციის სახელითაა ცნობილი და რომელიც შეერთებული შტატების მიერ იქნა ინიცირებული 1950 წელს, რათა გვერდი აევლოთ საბჭოთა კავშირის ვეტოსთვის კორეის ომის პერიოდში.
დღეს მიღებული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა.
Facebook Forum