ომის მეშვიდე დღე, რუსი სამხედროები ამ დრომდე უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ, მთავარი სამიზნე კი კვლავ ხარკოვია, სადაც ოფიციალური ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
ხარკოვში რუსეთის სამხედრო დანაშაულებებზეც აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, უკრაინული მხარე მტკიცებულებებს აგროვებს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოზე გამოიყენებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული არმიის ქმედებებს უკრაინაში „ომის დანაშაულს“ უწოდებს და რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.
ჰააგის სასამართლომ, პრეზიდენტ ზელენსკის საჩივარი წარმოებაში მიიღო და პირველი სასამართლო სხდომა ორშაბათს ჩანიშნა.
2 მარტის მდგომარეობით, ყველა დიდ ქალაქს უკრაინა აკონტროლებს, რუსეთის საჰაერო ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს და საავადმყოფოებს ბომბავენ. სამხედრო ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსული დესანტის შესვლამდე მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს, ქალაქები დაბომბვებით გაანადგუროს.
უკრაინის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ უკრაინული არმია ამ დრომდე ახერხებს რუსი ჯარის მოგერიებას და პოზიციების გამაგრებას. კიევის ირგვლივ კი რუსული სამხედრო მობილიზება იზრდება, დედაქალაქის მისადგომებთან შეტაკებები გრძელდება.
„მტერი ცდილობს თავიდან აიცილოს პირდაპირი შეტაკებები, არა მხოლოდ უკრაინულ არმიასთან, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებთან, რომლებიც, არ აძლევენ კოლონებს გადაადგილების საშუალებას,“- წერია განცხადებაში, რომელიც გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკვე დაკარგა 5 800 სამხედრო, 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 211 ტანკი. რუსეთი ამ დრომდე არ აქვეყნებს ინფორმაციას დანაკარგების შესახებ.
Facebook Forum