ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტარებმა უკრაინის ევროკავშირში კანდიდატ წევრად მიღებას მხარი დაუჭირეს


ევროპარლამენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. სადაც ევროპელი კანონმდებლები გმობენ „არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც ბელარუსიც მონაწილეობს.

რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და რუსეთის ფედერაციის ჯარებმა უპირობოდ დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

ევროპარლამენტარებმა დღესვე მხარი დაუჭირეს უკრაინის ევროკავშირში მიღებას. რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“. ამავე დროს რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე უკრაინის ინტეგრაციის თაობაზე.

ევროპარლამენტარები გამოდიან მოწოდებით, გაგრძელდეს დიპლომატიური მცდელობები რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ისინი რუსეთსაც მოუწოდებენ დიალოგისა და დიპლომატიისკენ.

რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის ცნობა. ამავე დროს დოკუმენტში კვლავ ნახსენებია, რომ ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიულ რიტორიკას და მისი მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მინიშნებებს.

ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შექმნას პირობები, რათა ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა მოხერხდეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით - უმცირესობებისა და დაუცველი ჯგუფებისთვის.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან სანქციების რამდენიმე პაკეტის მიღებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და გამოდიან მოწოდებით, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას.

ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, შეიზღუდოს რუსეთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საქონლის, მათ შორის ნავთობისა და გაზის ექსპორტი. ამავე დროს, ევროპარლამენტარები გამოდიან მოწოდებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გააცნობიერონ ის უარყოფითი შედეგები, რაც ამ სანქციებს თავად მათთვის შეიძლება მოჰყვეს.

რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, ევროკავშირმა შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება.

ევროპის პარლამენტი შვეიცარიას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სანქციებში და ხელი შეუშალოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას შვეიცარიის საბანკო სისტემის მეშვეობით.

რეზოლუციაში საუბარია უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში დახმარების აღმოჩენაზე. ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დააჩქარონ კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება.

რეზოლუციაში დიდი შეშფოთებაა გამოთქმული „რუსეთის ფედერაციის გამუდმებული მცდელობის გამო, მოახდინოს დასავლეთ ბალკანეთის, საქართველოსა და მოლდოვის დესტაბილიზაცია და ჩაერიოს მათ დემოკრატიულ პროცესებში“.

რეზოლუცია გმობს იმათ, „ვინც რუსეთს მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინაში მისი აგრესიის შემდეგ“.

ევროპარლამენტის რეზოლუციას არა აქვს კანონის ძალა და მას ევროკავშირისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG