რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ. ინფორმაციას ორივე ქვეყნის მთავრობა ადასტურებს. მოლაპარაკების პირველი რაუნდი რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ოფიციალური კიევის მოთხოვნაა, რუსეთმა შეწყვიტოს ცეცხლი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც ბელარუსის საზღვართან ტარდებოდა, 5 საათს გაგრძელდა. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე რუსეთი არ მისულა. მოლაპარაკებების დაწყების დროს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში ათობით სამოქალაქო პირი მოკვდა, ხოლო ასობით დაიჭრა, რუსული დაბომბვის შემდეგ.
ამერიკელი დიპლომატები სკეპტიკურად არიან განწყობილები და არ სჯერათ რუსეთის მშვიდობისაკენ მისწრაფების.
"დიპლომატია თოფის ლულაზე, დიპლომატია ტანკის ტყვიამფრქვევზე - ეს არ არის ნამდვილი დიპლომატია. ჩვენი უკრაინელი პარტნიორების, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მსგავსად, ჩვენ მზად ვართ და გვაქვს ნება, რეალურ, არსებით, ჭეშმარიტ დიპლომატიაში ჩავერთოთ, რათა ვნახოთ, ვიპოვით თუ არა გამოსავალს არასაჭირო, სასტიკი კონფლიქტიდან“, - განუცხადა ორშაბათს ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
პარალელურად რუსეთი აცხადებს, რომ მათი მიზანია მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, როგორიც ეს ორივე მხარისთვის იქნება მომგებიანი.
მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კვლავ მთავარ სამიზნედ რჩება კიევი, რომელიც მიუხედავად თავდაპირველად არსებული პროგნოზებისა, რომ 48 საათში დაეცემოდა, უკვე მე-6 დღეა მტერს იგერიებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა დასხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს. საქართველო ამ ქვეყნებს შორის არაა.