ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ცეცხლი, რომელიც არ შეწყდა


რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მიზანიც ქვეყანაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა იყო, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ საუბარი უნდა განაგრძონ.

რუსეთისა და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლები ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ და ვლადიმირ პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის ფონზე, ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. დასავლეთი უკრაინას ერთხმად უცხადებს მხარდაჭერას და რუსული აგრესიის გამო მასშტაბური სანქციებია მიღებული.

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი მიკაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე გაიმართული მოლაპარაკებებისას უმთავრესი აქცენტი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობებზე კეთდებოდა. მეორე რაუნდი კი შესაძლოა „ახლო მომავალში“ გაიმართოს.

“უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკებების პირველი რაუნდისთვის, რომლის მთავარი მიზანიც უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა იყო. მხარეებმა დააფიქსირეს რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებების შესაძლებლობა გამოიკვეთა. ზოგიერთი გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობას მხარეები საკუთარ დედაქალაქებში განიხილავენ. მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო მომავალში მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობაც. მას შემდეგ, რაც ეს (უკვე განხილული) საკითხები კონკრეტული მიმართულებით განვითარდება“, - თქვა მიკაილო პოდოლიაკმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა

ვლადიმირ პუტინის დელეგაციის ლიდერი ვლადიმირ მედინსკი კი ამბობს, რომ მოლაპარაკებებისას, რომელიც 5 საათს გაგრძელდა, წარმომადგენლებმა იპოვეს ის თემები, რომლებზეც საერთო ენის გამონახვა სავარაუდოა. მისი თქმით, მომდევნო დღეებში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი. ჩვენ განვსაზღვეთ ზოგიერთი რამ, რომელზეც შეიძლება კონკრეტულ პოზიციებს მოველოდეთ. რაც ყველაზე მთავარია, შევთანხმდით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. შემდეგი შეხვედრა მომდევნო დღეებში პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან გაიმართება. უკვე არის შესაბამისი შეთანხმება. ამ შეხვედრამდე კი ორივე დელეგაცია და მათი ლიდერები საკუთარი ქვეყნების ლიდერებთან განიხილავენ ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ პოზიციებს", - ამბობს ვლადიმირ მედინსკი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი.

მოლაპარაკებების დასრულებისთანავე კიევში რამდენიმე აფეთქება გაისმა, თუმცა მათ შესახებ დაზუსტებული დეტალები მალევე ცნობილი არ გამხდარა. რუსი სამხედროები უკრაინას და მის დედაქალაქს რამდენიმე მიმართულებიდან უტევენ. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე სკეპტიციზმი გამოხატა, თუმცა განმარტა, რომ მისი მთავრობა ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ის წარმატებული იყოს, თუკი ამის უმცირესი შანსი მაინც არსებობს.

უკრაინულმა მხარემ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ქვეყნიდან რუსული ძალების სრული გაყვანა მოითხოვა. ამ პროცესის პარალელურად კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩაქარებულ მოთხოვნას მოაწერა ხელი. მან რუს ჯარისკაცებს კიდევ ერთხელ მოუწოდა იარაღის დაყრისა და ომის შეწყვეტისკენ.

"4 500 ოკუპანტი მოკლულია. დაყარეთ იარაღი და წადით, ნუ დაემორჩილებით თქვენს მეთაურებს, ნუ დაუჯერებთ თქვენს პროპაგანდისტებს, უბრალოდ გადაირჩინეთ საკუთარი თავები, წადით!" - მოუწოდა მან რუს სამხედროებს რუსულ ენაზე.

რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიპლომატიური წნეხი იზრდება. სანქციების პარალელურად უკრაინაში შეჭრის მეხუთე დღეს გაეროში გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა გაიმართა.

რუსული ვალუტა სწრაფად უფასურდება, ბანკებთან რიგებია, მოქალაქეები დაბნეულები არიან. უკრაინის მთავრობა კი სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ აცხადებს. კვირის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 350 მოქალაქე, 1700-ზე მეტი კი დაჭრილია. დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. რუსული მხარე კი დიდხანს უარყოფდა იმას, რომ რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ, თუმცა მოგვიანებით, რიცხვის დაუზუსტებლად, კრემლმა დაადასტურა, რომ ომში მონაწილე სამხედროები დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG