ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონმა და პუტინმა უკრაინაზე ტელეფონით ისაუბრეს


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრი შედგა. მაკრონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებელი შეწყვეტა სთხოვა და სამი პირობა შესთავა. ესენია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქებში დასახლებული პუნქტების დაბომბვა, შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანებს მისცეს წვდომა მნიშვნელოვან გზებსა და ხიდებზე.

მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებით, „პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა ამ სამი პუნქტის შესრულებისთვის მზაობა“ და რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ საუბარი.

განსხვავებულ განცხადებას აქვეყნებს მოსკოვი. კრემლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას, უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

კრემლის ლიდერმა ასევე გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე“. „მან ამ ყველაფერში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG