საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად პარიზში იმყოფება, ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი საუბრის ძირითადი თემა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენები და საქართველოს პოზიცია იყო.
„ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას [საქართველოს] ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი გავხდეთ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს იხსნება ახალი ფანჯარა - ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი.
„მე მინდა, რომ ყველას ახსოვდეს (მე ამიტომ ვარ აქ), რომ საქართველო არის, როგორც უკრაინა, არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპამ, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, თავისი ერთიანობით, თავისი აქტიური მხარდაჭერით უკრაინისა. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერი უკრაინისა დღეს, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის. და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - თქვა პრეზიდენტმა.
დღეს, 28 თებერვალს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური. მისი თქმით, ოპოზიცია "გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს".
განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით გაავრცელა დავით ზალკალიანმაც. გუშინ, თავის ტვიტერ გვერდზე საქართველოს პირველმა დიპლომატმა დაწერა, რომ კიევსა და ოდესაში ქართველი დიპლომატები რჩებიან და ამით ისინი "მხარს უჭერთ არა მხოლოდ უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ ასევე თქვენი სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებას იცავთ!"
მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.