ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ ხელმოწერის დამადასტურებელი ფოტო მასალა თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა.

დღეს თავის ყოველდღიურ სატელევიზიო მიმართვაში ზელენსკიმ თქვა: "გუშინ, მე ვესაუბრე ვიოლა ფონ დერ ლეიენს, ევროკომისიის პრეზიდენტს მომავალი, უფრო ძლიერი ნაბიჯების შესახებ. ევროპელებმა იციან, რომ ჩვენი სამხედროები იბრძვიან ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპისათვის; მშვიდობისათვის ყველა ევროპულ ქვეყანაში; ბავშვების სიცოცხლის, თანასწორობისა და დემოკრატიისთვის. ეს კი გვაძლევს სრულ უფლებას, რომ გავაკეთოთ შემდეგი: ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, რომ ახალი, სპეციალური პროცედურით, დაუყოვნებლივ მიიღონ უკრაინა [ევროკავშირში]."

ზელენსკის თქმით, უკრაინა მადლობელია პარტიორებისგან მიღებული დახმარებისა, მაგრამ ქვეყნის მიზანია იყოს "ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, იყოს მათი თანასწორი".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამას იმსახურებს და ამის ღირსია.

ევროკავშირს კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG