ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ მოლაპარაკებაზე ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა


მზადება სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის; შეხვედრაზე უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის წარმომადგენლები არიან; გომელის რეგიონი, ბელარუსი, 28 თებერვალი, 2022 წ.
მზადება სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის; შეხვედრაზე უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის წარმომადგენლები არიან; გომელის რეგიონი, ბელარუსი, 28 თებერვალი, 2022 წ.

დღეს დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, უკრაინამ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ბელარუსი თამაშობს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის კავშირს მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ევროპული ქვეყნების ბლოკში.

კიევს და მოსკოვს შორის მოლაპარაკება ბელარუსის საზღვარზე, გომელის რეგიონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ზელენსკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ დელეგაციაში შედიან თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოლოდიაკი.

ვიდეო-გზავნილით პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიუსელს სთხოვა, რომ უკრაინა სწრაფი წესით მიიღონ ევროკავშირში. მან ასევე მოუწოდა რუს ჯარისკაცებს, იარაღი დადონ და ბრძოლა შეწყვიტონ. "ჩვენი მიზანია ყველა ევროპელთან ერთად ყოფნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანაბარი უფლებებით სარგებლობა... დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია".

ზელენსკი დღესვე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეთაურის თქმით, ტელეფონზე საუბრისას, მან შეაქო ზელენსკი "უკრაინელი ხალხის და შეიარაღებული ძალების მიერ გამოჩენილი სიმამაცისთვის". სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ამბობს, რომ "ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებით მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას".

გაეროში რამდენიმე საათში გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა გაიმართება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საკითხის განხილვას გეგმავს.

ამერიკის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა თქვა, რომ მოსკოვის მიერ ბირთვული არსენალის მზადყოფნაში მოყვანა შემაშფოთებელია, მაშინ როცა რუსეთს "ნატოს, თავდაცვის ალიანსის მხრიდან, რომელიც უკრაინაში არ იბრძოლებს, საფრთხე არ ემუქრება. ეს კიდევ ერთი ესკალაციის გამომწვევი და არასაჭირო ნაბიჯია, რომელიც ყველას საფრთხეს გვიქმნის". მან რუსეთს მოუწოდა, შეამსუბუქოს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული რიტორიკა.

დღეს კრემლის მხრიდან უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმის მეხუთე დღეა. ამ დღეების მანძილზე, რუსეთზე დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი მთელ მსოფლიოში თანდათან გაიზარდა.

ორშაბათიდან ამოქმედდა რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციები, პარალელურად კი რუსული ვალუტა უპრეცედენტოდ გაუფასურდა. ახლადამოქმედებულ სანქციებს შორისაა ბრიტანეთის რეგულაცია, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ რეზერვთან ტრანზაქციებს კრძალავს.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხაადა, რომ რუსეთის ჯარები კიევიდან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრის მანძილზე არიან კონცენტრირებულები. მათი წინსვლა უკრაინის დედაქალაქისკენ "ლოჯისტიკური ჩავარდნებით და უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობით არის განპირობებული, რაც რუსეთის დაწინაურებას აფერხებს".

ბრიტანეთის შეფასება ემთხვევა შეერთებული შტატების თავდაცვის ოფიციალური პირის ნათქვამს. მან კვირას "როიტერს" უთხრა: "არანაირი მინიშნება არ გვაქვს იმის, რომ რუსეთის არმიამ რომელიმე ქალაქზე კონტროლი მოიპოვა". თუმცა, რუსეთის ძალებს შესაძლოა მალე მისი მოკავშირე ქვეყნის, ბელარუსის შეიარაღებული ძალები შეუერთდეს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საუბარი იგეგმება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს მოკავშირეებთან საუბარს გეგმავს, რომლის ძირითადი თემა უკრაინაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენები და მათზე "კოორდინირებული, ერთიანი პასუხის გაცემა" იქნება.

კვირას ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის. ორშაბათს კი ავსტრალიამ გამოაცხადა, რომ კიევს ლეტალურ სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ის, თუ რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროპის კავშირი რუსეთის მიმართ მტრულ განწყობაშია ჩართული. მისი თქმით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება "ძალზე საშიში და დესტაბილიზაციის მომტანი ფაქტორია". მოსკოვი აცხადებს, რომ სანქციების სიმძიმის მიუხედავად, რუსეთი ამისთვის ემზადებოდა და კრემლს "აქვს ზიანის განეიტრალების პოტენციალი".

ამ დროისთვის კონფლიქტს დაახლოებით 350 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, დაჭრილია 1 700-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით საჯაროდ არ ქვეყნდება, თუ რამდენი ჯარისკაცი დაკარგა უკრაინულმა, ან რუსულმა მხარეებმა. გაეროს მონაცემებით, უკრაინა ნახევარ მილიონზე მეტმა დევნილმა დატოვა. მათი უმრავლესობა უკრაინიდან პოლონეთში გადადის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG