დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მიიღეს ცალკეული რუსული ბანკების „SWIFT”-იდან ჩახსნის გადაწყვეტილება. სანქციები ასევე სამიზნეში იღებს, რუსეთის ცენტრალურ ბანკს და მას საგარეო აქტივებზე წვდომას უზღუდავს. ეს კი, შეერთებული შტატების განცხადეებით, მოსკოვს რუბლის განმტკიცების შესაძლებლობას შეუზღუდავს.
სანქციებს ერთობლივად აწესებენ შეერთებული შტატები, კანადა და ევროპელი მოკავშირეები, მათ შორის გერმანია და იტალია.
„მაშინ როცა რუსეთის ძალები კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებს თავს ესხმიან, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გადავახდევინოთ რუსეთს საფასური, რაც მის კიდევ უფრო იზოლირებას გამოიწვევს საერთაშორისოო ფინანსური სისტემებიდან და ჩვენი ეკონომიკებიდან“, - განაცხადეს დასავლელმა მოკავშირეებმა.
დასავლეთის ქვეყნების ამ ნაბიჯის ფონზე, უკრაინის მასშტაბით ბრძოლები გრძელდება. კიევში აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. რუსული ჯარი ქალაქს ემუქრება. მიმომხილველები საუბრობენ იმაზე, რომ ელიან კიევისთვის რთულ ღამეს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ხოლო ბერლინმა განაცხადა, რომ ის აღარ დაბლოკავს კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას.