უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რაც რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან გათიშვასაც მოიცავს, ორშაბათს რუსული რუბლის კურსი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო საპროცენტო განაკვეთი საგანგებო რეჟიმში 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა და მთავრობამ ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს უთხრა, რომ უცხოური ვალუტის გაყიდვისთვის მოემზადონ. რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა.
ამ უქმეებზე დასავლეთის მიერ უფრო მკაცრი სანქციების გამო, რუსეთში ეკონომიკური კრიზისის მოახლოება ფინანსურ ბაზრებზეც აისახა.
ევროპულმა აქციებმა 1.5%-ით დაიწია. რუსეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ბანკების აქციები 10-დან 13 %-მდე, ზოგადად ევრო-ზონის საბანკო ინდექსი კი 7.1%-ით შემცირდა.
თუმცა, გლობალურად აქციების ვარდნა შედარებით მცირე იყო. MSCI მსოფლიო ფასიანი ქაღალდების ინდექსი 03%-ით დაეცა. შედარებისთვის - გასულ ხუთშაბათს ის 0.6%-ით დაეცა, თუმცა პარასკევს 2.4%-ით მოიმატა.
კვირას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ სახელმწიფოზე უდიდესი თავდასხმის მეოთხე დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ, ბირთვული ძალების მომატებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ, ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
ბაზრებზე გაურკვევლობა გრძელდებოდა და ინვესტორებმა პირდაპირ დოლარის, შვეიცარიული ფრანკის და იაპონური იენის უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლეს.
სახელმწიფო ობლიგაციებზე, როგორიცაა აშშ-ს ხაზინის და გერმანიის ობლიგაციები, რომლებიც გლობალურად ყველაზე უსაფრთხო აქტივებად ითვლება, დიდი მოთხოვნა შენარჩუნდა.
ევრო, ამერიკულ დოლართან და იენთან მიმართებაში 0.6%-ით შემცირდა. რისკების მიმართ უფრო მგრძნობიარე ავსტრალიურ დოლართან 0.3%-ით და ახალ ზელანდიურ დოლართან 0.2%-ით შემცირდა.
1 დოლარი ამჟამად 95.559 რუსული რუბლი ღირს.
MSCI-ზე რუსეთის ფასიანი ქაღალდების ინდექსი 19%-ით დაეცა. ინვესტორების მიერ რუსული აქტივების მასიურად გაყიდვასთან ერთად, ლონდონის და ფრანკფურტის ბირჟებზე რუსული ETF 26%-ზე მეტად დაეცა.