იმ დროს, როდესაც რუსული რაკეტებით უკრაინის ქალაქები იბომბება, ინტერნეტსა და ტელე-ეთერებში სხვა ბრძოლა მიმდინარეობს.
მოსკოვმა მედიაში და ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ამბების გადმოცემის კონტროლის ძალისხმევა გააძლიერა. იმავდროულად, „ფეისბუქმა“ და „გუგლმა“, უკრაინაში და მთელ მსოფლიოში რუსეთის სახელმწიფო მედია-საშუალებებს შეზღუდვები დაუწესა.
პარასკევს რუსეთმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ შეზღუდავს „ფეისბუქს“. „ფეისბუქის“ მფლობელი „მეტა“ აცხადებს, რომ ეს მოხდა უარის შემდეგ, როდესაც რუსეთის მთავრობამ კომპანიას სთხოვა, რამდენიმე რუსულ სახელმწიფო მედია საშუალებაზე ფაქტების დამოუკიდებელი შემოწმება შეეწყვიტა. შაბათს „ტვიტერმაც“ გამოაცხადა, რომ ზოგიერთი რუსი მომხმარებლისთვის მისი სერვისი შეზღუდული იყო.
ბევრი სახელმწიფო ვებ-გვერდი, მათ შორის, კრემლის ვებ-გვერდი kremlin.ru, ბოლო დღეებში შეფერხებებით მუშაობდა.
ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ეს დაპირისპირება უახლესი ნაბიჯია რუსეთთან იმ დავაში, სადაც პლატფორმები ქვეყანაში მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების რისკის ქვეშ არიან, როდესაც ის ცდილობს დისიდენტებს ცენზურა დაუწესოს და სახელმწიფო მედია კი დაიცვას.
დიდ უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებს მარტიდან მოუწევთ დაემორჩილონ ახალ კანონს, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობის ყოლას ითხოვს. შესაძლოა ამან კრემლს პლატფორმების რეგულირება გაუადვილოს. ამ კანონის ამოქმედება მოჰყვება იმ ჯარიმების და სერვისის შენელების წყებას, რომელიც რუსეთის მთავრობის თქმით, უკანონო ინფორმაციის არმოცილებამ გამოიწვია.
დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღების ტვირთი, რომ გაითვალისწინონ უკრაინელი ოფიციალური პირების და მსოფლიოში ამ ქვეყნისადმი სიმპათიით განწყობილი ადამიანების მოთხოვნები - რომლებიც ყალბი ინფორმაციის ნაკადის შესაჩერებლად რუსი მომხმარებლების პლატფორმიდან გაძევებას ითხოვენ - და იმავდროულად, დისიდენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ციფრულ საშუალებებზე წვდომა შეუნარჩუნონ.
„როსკომნადზორმა“ ადგილობრივი მედია გააფრთხილა არ გაავრცელოს, როგორც თვითონ უწოდა „ცრუ ინფორმაცია“ მოსკოვის სამხედრო ოპერაციის შესახებ და უკრაინაზე თავდასხმის აღწერისას კრძალავს ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „შეჭრა“ და „თავდასხმა“.
იმ დროს, როდესაც დასავლური კომპანიები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების მხედველობაში მიღებას იწყებენ და იზრდება წნეხი, რომ ინტერნეტზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ებრძოლონ, ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთსა და ყველაზე მძლავრ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ბრძოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს.