ამერიკელი სენატორი საქართველოს მთავრობის ქმედებებით იმედგაცრუებულია-განცხადებას ამის შესახებ სენატორი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ავრცელებს.
ჯიმ რიში საქართველოს მთავრობას სთხოვს გამოიჩინოს გამბედაობა და მხარი დაუჭიროს უკრაინას.
"14 წლის წინ, მაშინ, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიო ჩვენ მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი იჭრება უკრაინაში, მე თავზარდაცემული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, იპოვონ ის გამბედაობა, რომელიც უკრაინელებმა გამოიჩინეს,"- წერს სენატორი ჯიმ რიში ტვიტერზე.
ამერიკელი სენატორის განცხადებას, ამ დრომდე საქართველოს მთავრობიდან არავინ გამოხმაურებია. თუმცა, რამდენიმე საათის წინ "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინას.
სენატორის ამ განცხადებამდე, უკრაინამ საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს გააკეთა.
"დაუყოვნებლივ ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, რომელთაც ჩვენი დამხარება სურდათ და ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო",”- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში".
"ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია, მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა,"- თქვა ირაკლი კობახიძემ.
გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და გადაწყვეტილება სწორედ ამან განაპირობა.
"დარწმუნებული ვარ, ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მიმართვის მომზადებაში ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც დღემდე “ნაცმოძრაობას” წარმოადგენს,"- თქვა გია ვოლსკიმ, "ქართული ოცნებიდან".
პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს. ცოტა ხნის წინ მოთხოვნები, პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაახმოვანა.
"...ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ განწყობებს, განსხვავებულ მიდგომებს, მაგრამ ჩვენ ანგარიშს ვერ გავუწევთ ღალატს, არ შევეგუებით და დავამტკიცებთ, რომ საქართველო არ არის მოღალატე ქვეყანა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სოლიდარობა არ არის საკმარისი, ღალატის ხაზი გაგვივლეს ჩვენს ქვეყანაშივე, გვითხრეს რომ უკრაინას არ დავუჭერთ მხარს და დაამატეს-ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ შევიტანთ განაცხადსო, გვითხრეს რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს წაგვართმევენ. ჩვენ ვართ ღირსების და თავისუფლების მოყვარული ხალხი, რასაც ვაჩვენებთ ღარიბაშვილს და ,,ქართულ ოცნებას”.
"პირველი, წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოშორდნენ აქედან. „ქართული ოცნება“ ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ, უპირველესი მოთხოვნაა მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოსცხო საქართველოს, ჩვენს ისტორიას და მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია და ის აუცილებლად უნდა წავიდეს, აღარ უნდა წამოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს,"- თქვა ელენე ხოშტარიამ.