ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს განახლდება


დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე. 11 იანვარი, 2024 წ.
დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე. 11 იანვარი, 2024 წ.

სასამართლოზე, რომელიც დღეს განახლდება, არის შანსი, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩვენება ღია პროცესზე პირველად მისცეს. საქმე მწერალი და ჟურნალისტი ქალის, ი. ჯინ კეროლის ბრალდებას ეხება.

მტკიცებულებებს ცხრა ადამიანისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი ისმენს და ბრალდების მართებულობაზე საკუთარ დასკვნას მოგვიანებით წარადგენს. ბრალდების მიხედვით, კეროლის ცილისწამებას ადგილი 2019 წლის ივნისში ჰქონდა, როცა ტრამპმა 1990-იან წლებში, მისი გაუპატიურების ფაქტი უარყო და მწერალი სიცრუეში დაადანაშაულა. მომჩივანის ბრალდების მიხედვით, მასზე ძალადობა მანჰეტენში, "ბერგდორფ გუდმანის" სავაჭრო ცენტრის გასახდელში მოხდა.

77 წლის ტრამპი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას ხელახლა გეგმავს, ბრალდებას გამუდმებით უარყოფს, იმის მიუხედავად, რომ წინა სასამართლოში მას უკვე გამოუტანეს განაჩენი: მწერლისთვის წარსულში მომხდარი ამ ინციდენტის გამო, 5 მილიონი დოლარის გადახდა. ტრამპი აცხადებს, რომ კეროლს სკანდალის მოწყობის გზით, მაშინ თავისი ახლადგამოცემული მემუარების გაყიდვა სურდა. ტრამპი წინა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

მანჰეტენში მიმდინარე პროცესს შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე ლუის კაპლანი კურირებს, რომელიც იმ სასამართლო პროცესსაც უძღვებოდა. მისი თქმით, ჩვენების მიცემის შემთხვევაში, ტრამპს ეკრძალება გააპროტესტოს მოსამართლის გადაწყვეტილებები მწერლის ცილისწამების და ძალადობის თაობაზე, რადგან პირველმა სასამართლო პროცესმა ამ საკითხზე დადგენილება უკვე გამოიტანა. მოსამართლის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რაც ახლა გადასაწყვეტია, არის ის, თუ რა თანხა უნდა გადაუხადოს ტრამპმა კეროლს.

დონალდ ტრამპი, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძვის, ნიუ-ჰემფშირში სამშაბათს დაგეგმილი ქვეყნის პირველი პრაიმერისთვის ემზადება. მან წინა კვირაში რესპუბლიკური პარტიის აიოვის კოკუსი მოიგო და პარტიის კანდიდატებს შორის კვლავ ფავორიტად რჩება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG