ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა აიოვის კოკუსზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა


დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აიოვის შტატში. 15 იანვარი, 2024 წ.
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აიოვის შტატში. 15 იანვარი, 2024 წ.

დონალდ ტრამპმა დამაჯერებლად გაიმარჯვა აიოვის შტატში, 15 იანვარს გამართულ რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებზე. იმის მიუხედავად, რომ მის ბრალდებებს სისხლის სამართლის რამდენიმე სასამართლო განიხილავს, 77 წლის ყოფილი პრეზიდენტი კვლავ რესპუბლიკური პარტიის ლიდერად და წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატად რჩება.

აიოვის კოკუსზე, რომელიც პირველია 2024 წლის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ ტურებში, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვა. დიდი ალბათობით, სწორედ დონალდ ტრამპი იქნება დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოპონენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გაიმართება. თუმცა ვითარების ცვლილება გამორიცხული არ არის.

რონ დესანტისი, 45 წლის ფლორიდის გუბერნატორი მეორე ადგილზე გავიდა. მას მცირე განსხვავებით ჩამორჩა 51 წლის ნიკი ჰეილი, გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი.

ამ ეტაპზე ხმების 99% უკვე დათვლილია. კვლევითი ორგანიზაციის "ედისონ რისერჩი" (Edison Research) მონაცემებით, მათ შორის აიოველი რესპუბლიკელების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: დონალდ ტრამპი - 51%; რონ დესანტისი - 21% და ნიკი ჰეილი 19%.

ტრამპმა რეკორდული განსხვავებით გაიმარჯვა და ბევრად გადააჭარბა ბობ დოულის 1988 წელს დამყარებულ რეკორდს, რომელიც 12.8%-იან სხვაობას შეადგენდა. "მადლობა აიოვა, ყველა მიყვარხართ", - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედიაში, "თრუს სოუშალ" (Truth Social).

აიოვის კოკუსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების გზაზე. როგორც წესი, ის დიდ გავლენას ახდენს სხვა შტატებში დაგეგმილ პრაიმერებზე და კოკუსებზე - შტატის შიდაპარტიულ არჩევნებზე, სადაც საფინალო კანდიდატების გამოვლენა ხდება.

რესპუბლიკური პარტიის საბოლოო ნომინაციას ამერიკის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის პოსტზე, ე.წ. კონვენცია დაასახელებს, პარტიის მთავარი ყრილობა. ის ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში 15-18 ივლისს გაიმართება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG