ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილი და დესანტისი თეთრი სახლისთვის რბოლაში მეორე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ


ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი ერთმანეთს ოთხშაბათს, რესპუბლიკელების მეოთხე საპრეზიდენტო დებატებში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. ეს დებატი, პარტიის პირველ სანომინაციო შეჯიბრამდე, რომელიც აიოვაში დაახლოებით ექვს კვირაში გაიმართება, მათი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იქნება.

ისეთ ვითარებაში, როდესაც გამოკითხვების უმეტესობის თანახმად, დონალდ ტრამპი 40-ზე მეტი ნიშნულით ლიდერობს და აიოველებმა მათთვის მისაღები ნომინანტი 15 იანვარს უნდა აირჩიონ, დესანტისი და ჰეილი ჩქარობენ საკუთარი თავი უდავო ალტერნატივად წარმოაჩინონ. აქცენტი კი განსაკუთრებით იმ ამომრჩევლებზე კეთდება, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტის მიღმა არჩევანის გაკეთება სურთ.

ალაბამის შტატში ტასკალუსაში გამართულ დებატებში ტექნოლოგიურ სფეროში ყოფილი მეწარმე ვივეკ რამასვამი და ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი ქრის ქრისტიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ყურადღების ცენტრში დესანტისი და ჰეილი იქნებიან.

ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში, დესანტისს ჰეილისთან შედარებით მცირე უპირატესობა აქვს, მაგრამ ჰეილი ამ განსხვავებას ამცირებს და დესანტისს მნიშვნელოვნად უსწრებს ნიუ-ჰემფშირში და თავის მშობლიურ შტატ სამხრეთ კაროლინაში. ეს სანომინაციო რბოლაში მნიშვნელოვანი შტატებია, რადგან ერთ-ერთი პირველი შტატებია, სადაც ნომინანტს ირჩევენ.

აიოვაში, სადაც 15 იანვარს რესპუბლიკელთა პირველი შეჯიბრი შედგება, დესანტისსა და ჰეილის თანაბარი რეიტინგები აქვთ.

XS
SM
MD
LG