რონ დესანტისის საპრეზიდენტო რბოლის მხარდამჭერი, პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის ორმა საკვანძო ფიგურამ ორგანიზაცია დატოვა იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელთა სანომინაციო შეჯიბრებებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ფლორიდის გუბერნატორის მოკავშირეთა შორის უთანხმოება ძლიერდება.
წყარომ, რომელიც პერსონალის შესახებ მსჯელობას ანონიმურობის პირობით დათანხმდა თქვა, რომ ჯგუფს გამოეთიშნენ კრისტინ დეივისონი, „არასდროს დაიხიო უკან” პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და ერინ პერინე, კომუნიკაციების დირექტორი.
დეივისონი თანამდებობაზე ორ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში იყო მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ნოემბრის ბოლოს ჩაანაცვლა.
„არასდროს დაიხიო უკან-ის" პრესმდივანმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ დირექტორის თანამდებობას დესანტისის დიდი ხნის მოკავშირე სკოტ ვაგნერი დაიკავებს.
პოლიტიკურ ორგანიზაციაში მიმდინარე დრამა დესანტისისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან ჯგუფი ფლორიდის გუბერნატორის საარჩევნო ძალისხმევაში კრიტიკულ როლს თამაშობდა. ორგანიზაციას, როგორც პოლიტიკური მოქმედების სუპერ კომიტეტს, შეუზღუდავი ოდენობის შემოწირულობების მიღების უფლება აქვს, მაგრამ უშუალოდ კამპანიასთან კოორდინირება არ შეუძლია.
კამპანიის ოფიციალური პირები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზციის მიმართ ნდობას სულ უფრო მეტად კარგავდნენ. დესანტისის მოკავშირეებმა, ცოტა ხნის, წინ ახალი პოლიტიკური მოქმედების კომიტეტი ჩამოაყალიბეს, სახელით „Fight Right”, რომელიც ყურადღებას გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილიზე თავდასხმებზე ამახვილებს, რომელმაც ზოგიერთ საკვანძო შტატში დესანტისს გაუსწრო.
ეროვნული გამოკითხვების უმეტესობის თანახმად, ნომინაციისთვის რბოლაში დესანტისიც და ჰეილიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 40 პუნქტზე მეტით ჩამორჩებიან.