შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში კიდევ ერთი ადამიანი ერთვება. დემოკრატი კონგრესმენი დინ ფილიპსი საპრეზიდენტო კანდიდატობაზე განაცხადს დღეს მოგვიანებით გააკეთებს და ამ ნაბიჯით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოწვევას თავისივე პარტიიდან გაუგზავნის.
ფილიპსი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მინესოტის შტატს წარმოადგენს. 54 წლის მილიონერი ბიზნესმენი, რომელიც კონგრესმენობამდე ამერიკაში იტალიური ნაყინის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის თანადამფუძნებელი იყო, პირველ საარჩევნო ღონისძიებას ნიუ-ჰემპშირის შტატში გეგმავს.
მისი კამპანიის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" იუწყება, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განაცხადს სახელმწიფო დეპარტამენტში 27 ოქტომბერს წარადგენს.
ფილიპსი კონგრესში უკვე მესამე ვადით მსახურობს. ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნებში მისმა ჩართვამ დიდი გავლენა იქონიოს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ნომინაციის მიღების შანსებზე, ამ უკანასკნელის რესურსებზე წვდომის, თუ პარტიის მხარდაჭერის ფაქტორების გათვალისწინებით.
შეერთებულ შტატებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატებს და დემოკრატებისკენ გადახრილ დამოუკიდებელ ამომრჩევლებს პარტიის კანდიდატად სურთ ვინმე სხვა იხილონ. ამის მიზეზი ბაიდენის ხანდაზმულობის გამო არსებული შეშფოთებაა.
არც ფილიპსის და არც ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ სააგენტო "როიტერთან" კომენტარი ამ თემაზე არ გააკეთა. აგვისტოში, ტელეკომპანია NBC-ისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, ფილიპსმა თქვა, რომ გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატ ამომრჩევლებს ალტერნატივა სურთ და ბაიდენი გვერდზე უნდა გადგეს, თუმცა მაშინ მან ისიც განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ გეგმავდა.
Facebook Forum