ხუთშაბათს, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. 31 აგვისტოს, მან ასევე უარი თქვა უფლებაზე, შემდეგ კვირაში ჩანიშნულ, მისთვის ბრალდების წარდგენას დაესწროს.
ეს ნიშნავს, რომ ტრამპს, რომელიც 19 ბრალდებულიდან ერთ-ერთია, ფულტონის საგრაფოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე სკოტ მაკაფის წინაშე წარდგომა არ მოუწევს სასამართლოში პირველად გამოცხადებაზე. სასამართლო მოსმენის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ეს თვეების შემდეგ მოხდება.
ამ საქმეზე ტრამპთან ერთად რამდენიმე ბრალდებულმაც თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და ბრალდების ფორმალური მიღების უფლებაზეც უარი თქვა.
ტრამპმა და ჯორჯიის შტატში მისმა ზოგიერთმა მხარდამჭერმა საქმის პროკურორის, ფულტონის საგრაფოს საოლქო პროკურორ ფანი უოლისის იმპიჩმენტი მოითხოვა. ეს ქმედება ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაიწყოს. მაგრამ, შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა რომელიც დიდი ხანია უარყოფს ტრამპის განცხადებებს, რომ მან ჯორჯიაში არჩევნები მოიგო, დემოკრატ უილისის წინააღმდეგ ნებისმიერი საიმპიჩმენტო ძალისხმევა უარყო.
ჯორჯიის საქმე ეფუძნება 2021 წლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელშიც ტრამპი შტატის საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პირებს სთხოვს მისთვის „იპოვონ“ 11,780 ხმა, ერთით მეტი, ვიდრე დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვებისთვის იყო საჭირო, რათა ტრამპს შტატში თავი გამარჯვებულად გამოეცხადებინა.
Facebook Forum