ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა


ატლანტის ფულტონის საგრაფოს წინასწარი დაკავების იზოლატორში დარეგისტრირების შემდეგ, ხუთშაბათ საღამოს, იზოლატორში გადაღებული დონალდ ტრამპის ფოტო გამოქვეყნდა.

ფოტოზე, ტრამპი კამერას პირდაპირ უყურებს და არ იღიმება. ჩანაწერში იკითხება - პატიმარი ნომერი PO1135809.

ეს ფოტო ტრამპისთვის კიდევ ერთ არაორდინარულ მომენტს ასახავს იმის გათვალისწინებით, რომ სამ სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოცხადების დროს, მისთვის ფოტოს გადაღება სავალდებულო არ იყო.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, მალევე ფოტო ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, რომელიც ადრე „ტვიტერის“ სახელით იყო ცნობილი და ასევე საკუთარი სოციალური მედიის გვერდზე - Truth Social. მისი საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაღებული ფოტო ტრამპის შეტყობინების თანხლებით, რომელშიც საკუთარ ქმედებებს ამართლებდა და შემოწირულობებს ითხოვდა.

X-ზე გამოქვეყნებული შეტყობინება, ამ ქსელში ტრამპის პირველი პოსტია მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერების მიერ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის კვალდაკვალ, ქსელში ტრამპის ანგარიში დაიბლოკა. X-ის მფლობელმა ელონ მასკმა, ყოფილი პრეზიდენტი ანგარიში გასული წლის ბოლოს აღადგინა.

ტრამპმა წინასწარი დაკავების იზოლატორში, მხოლოდ 20 წუთი დაჰყო. 24 აგვისტოს ჩატარებული ამ პროცედურის შემდეგ, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი 200 000 დოლარის გირაოთი დატოვა, რომელიც ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ფულტონის ოლქის მოსამართლემ რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.

ატლანტის აეროპორტში თავის კერძო თვითმფრინავში ასვლის წინ, მან გაიმეორა განცხადება, რომ ეს სამართლებრივი დევნა, მის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა საქმეებთან ერთად, პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„აქ რაც მოხდა, სამართლის პაროდიაა. მე არაფერი დამიშავებია და ეს ყველამ იცის“ - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

რესპუბლიკელ ყოფილ პრეზიდენტს 13 პუნქტიანი ბრალდება აქვს წაყენებული რეკეტის ჩათვლით, რასაც, როგორც წესი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იყენებენ. რეკეტის ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯიის შტატის ოფიციალურ პირებზე განხორციელებული სავარაუდო წნეხის გამო წაუყენეს. მას ბრალს სდებენ, რომ შტატის ოფიციალური პირებისგან არჩევნების შედეგის შეცვლას მოითხოვდა.

XS
SM
MD
LG