ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების მწვავე კამათი - მილუაკიმ პირველ საპრეზიდენტო დებატებს უმასპინძლა


უისკონსინის შტატის ქალაქ მილუაკიში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთა პირველი დებატები გაიმართა. დებატებში ის 8 კანდიდატი მონაწილეობდა, რომლებიც პარტიის ეროვნული კომიტეტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ორსაათიანი დებატები 2024 წლის საარჩევნო კამპანიის პირველი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო. დებატებში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა განხილვის მნიშვნელოვან თემად რჩებოდა. ის გამოკითხვების თანახმად, რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის ყველაზე პოპულარული კანდიდატია. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ნაცნობი და ყველამ იცის "ღამდენად წარმატებული პრეზიდენტობა ჰქონდა". ამასთან, დებატებში მონაწილე ყველა კანდიდატი პირობას დებს, რომ საბოლოოდ, პარტიის ნომინანტს დაუჭერს მხარს. ტრამპი კი არც ამ პირობის დადებაზე იყო თანახმა.

ზოგიერთმა კანდიდატმა, მათ შორის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ ტრამპი კონსტიტუციის უგულებელყოფისთვის გააკრიტიკეს.

დონალდ ტრამპი ხუთშაბათს ატლანტაში, ციხეში უნდა გამოცხადდეს, სადაც ის ოფიციალურად უნდა ჩაბარდეს მართლმსაჯულებას. ჯორჯიის შტატი მას არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა ნიკი ჰეილიმ თქვა, რომ "ტრამპი არის პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკაში ყველაზე მეტად არ მოსწონთ და ამგვარად საყოველთაო არჩევნებს [რესპუბლიკელები] ვერ მოიგებენ".

თუმცა დებატების განხილვის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პოლიტიკაში ახალი სახე - ვივეკ რამასვომი - მან დონალდ ტრამპს პირდაპირ დაუჭირა მხარი და თქვა, რომ ის 21-ე საუკუნის საუკეთესო პრეზიდენტი იყო.

სხვა კანდიდატებმა კი, მათაც, ვინც ვიცე-პრეზიდენტ პენსის არჩევანი, არ შეეშალა ხელი არჩევნების სერტიფიცირებისთვის კონსტიტუციურად შეაფასეს, ასევე თქვეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის წინააღმდეგ საქმეებით მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს. ფლორიდის გუბერნატორმა კი შეკითხვებზე პასუხად თქვა, რომ ეს დისკუსიები არა გასული წლის იანვრის, არამედ 2025 წლის იანვრის შესახებ უნდა იყოს.

რვა კანდიდატიდან მხოლოდ ორმა - კრისტიმ და არკანზასის ყოფილმა გუბერნატორმა ასა ჰაჩინსონმა თქვეს, რომ ისინი არ დაუჭერდნენ მხარს ტრამპს, თუკი ის დამნაშავედ იქნება ცნობილი და პარტია მას მაინც დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად.

განხილვის მწვავე თემა იყო ასევე იმიგრაცია, განათლება, აბორტის საკითხი, ჩინეთისა და უკრაინის თემები.

რამასვომი უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი აღმოჩნდა. მისი თქმით, ამერიკისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე - რუსეთი და ამიტომ ამერიკამ არ უნდ აგაზარდოს უკრაინისთვის უკვე გაწეული ფინანსური დახმარების მოცულობა. კანდიდატების უმეტესობამ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ უკრაინის დახმარება და მისი გამარჯვება ამერიკის ეროვნულ ინტერესებსაც შეესაბამება.

რესპუბლიკელთა შემდეგი დებატები სექტემბრის ბოლოს, კალიფორნიაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG