დონალდ ტრამპმა მაინის შტატის საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო მდივვნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საუბარია იმ ბრძანებაზე, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის შიდა არჩევნებში, პრაიმერებში მონაწილეობა ეკრძალება. ამის მიზეზად კი 2020 წლის 6 იანვრის მოვლენებში მისი როლი სახელდება. საარჩევნო კომისიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ იმ პირის კენჭისყრა არჩევნებში, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მიიღო მონაწილეობა, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შტატის უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო მდივან შენა ბელოუსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვენ. პრაიმერი მეინში 5 მარტს უნდა გაიმართოს.
დემოკრატმა ბელოუსმა დაადგინა, რომ ტრამპმა წააქეზა ამბოხებულები, რათა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ამის გამო მას საჯარო თანამდებობის დაკავება უნდა აეკრძალოს.
ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის მეთოთხმეტე ჩასწორების მესამე ნაწილს ეყრდნობა. ეს მუხლი კი ამერიკაში სამოქალაქო ომის შემდეგ მიიღეს და ის საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძლავს მათ, ვინც ამბოხში იყო ჩართული მას მერე, რაც მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულების ფიცი დადო. მუხლი 1868 წელს ამოქმედდა იმ მიზნით, რომ მონობის მომხრე კონფედერატებისთვის ამერიკის მთავრობაში პოზიციების დაკავება აეკრძალათ.
უფლებადამცველთა გაერთიანებებმა და ტრამპის მოწინააღმდეგე ამომრჩევლებმა ყოფილი პრეზიდენტის 2024 წლის კამპანია სამართლებრივი გამოწვევის წინაშე რამდენიმე შტატში სწორედ ამ მუხლის შესაბამისად დააყენეს. ისინი ამტკიცებენ, რომ 6 იანვარს, მაშინ, როცა მან მხარდამჭერებს არჩევენების შედეგების დამტკიცების ხელის შეშლისკენ მოუწოდა, ეს ამბოხებაში მონაწილეობას ნიშნავდა.
დონალდ ტრამპის ადვოკატებმა ამ საქმეზე ერთ-ერთი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს და ამტკიცებენ, რომ ეს დასკვნა "მიკერძოებული პროცესის" ნაწილია. მისი სამართლებრივი გუნდი უარყოფს, რომ პრეზიდენტმა ამბოხში რაიმე სახის მონაწილეობა მიიღო და ამასთან ამტკიცებს, რომ ბელოუსს უფლებამოსილელბაც კი არ აქვს საიმისოდ, რომ მას პარტიის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს.
"მე მჯერა ჩემი გადაწყვეტილების [მართებულობის] და კანონის უზენაესობის", - ვკითხულობთ ბელოუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივარი გამოქვეყნდა.
პირველი შტატი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, კოლორადო იყო. 19 დეკემბერს სასამართლომ თქვა, რომ ტრამპი ამბოხში იყო ჩართული და პრაიმერებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მაგრამ, კოლორადო მაინც ისეთ შტატად მიიჩნევა, სადაც დემოკრატები სავარაუდოდ, იქ ტრამპის მონაწილეობის გარეშეც გაიმარჯვებენ.
ამ საქმეს მალე ამერიკის უზენაესი სასამართლო განიხილავს. ამ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება დიდი ალბათობით მსგავს შეკითხვვებს პასუხს გასცემს ყველა სხვა შტატისთვისაც. ზოგიერთ შტატში მსგავსი მოთხოვნა ადგილობრივმა სასამართლოებმა უკვე უარყვეს. ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომაადგენლები კი ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის შექმნილი ეს სამართლებრივი გამოწვვევა "ამერიკის დემოკრატიაზე მტრული თავდასხმაა".
დონალდ ტრამპი ეროვნულ გამოკითხვებში რესპუბლიკელი ამომრჩევლის ფავორიტია. ცალკეულ შტატებში კი ყველაზე წარმატებული კანდიდატების გამოვლენა 15 იანვარს, აიოვაში დაიწყება.