მეინი უკვე ამერიკის მეორე შტატი გახდა, სადაც დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტიის შიდა, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრაიმერებში კანდიდატად ყოფნა აეკრძალა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი კი ისაა, რომ შტატის შესაბამისი უწყებების შეფასებით, ყოფილ პრეზიდენტს 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებული როლის გამო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
საქმე ამერიკის კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლს ეფუძნება, რომელიც საჯარო მოხელედ გახდომას უკრძალავს პირებს, რომლებიც ამბოხში ან სახელმწიფო გადატრიალებაში იყვნენ ჩართულნი. ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის მეთოთხმეტე ჩასწორების მესამე ნაწილს ეფუძნება.
ეს მუხლი ამერიკაში სამოქალაქო ომის შემდეგ მიიღეს და ის საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძლავს მათ, ვინც ამბოხში იყო ჩართული მას მერე, რაც მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულების ფიცი დადო. მუხლი 1868 წელს ამოქმედდა იმ მიზნით, რომ მონობის მომხრე კონფედერატებისთვის ამერიკის მთავრობაში პოზიციების დაკავება აეკრძალათ.
უფლებადამცველთა გაეერთიანებებმა და ტრამპის მოწინააღმდეგე ამომრჩევლებმა ყოფილი პრეზიდენტის 2024 წლის კამპანია სამართლებრივივი გამოწვევის წინაშე რამდენიმე შტატში სწორედ ამ მუხლის შესაბამისად დააყენეს. ისინი ამტკიცებენ, რომ 6 იანვარს, მაშინ, როცა მან მხარდამჭერებს არჩევენების შედეგების დამტკიცების ხელის შეშლისკენ მოუწოდა, ეს ამბოხებაში მონაწილეობას ნიშნავდა.
მეინის შტატის საარჩევნო კომისიის ოფიციალური პირის, დემოკრატი შინა ბელოუსის განკარგულებით, რესპუბლიკელ პოლიტიკოსთა შორის ყველაზე რეიტინგულ დონალდ ტრამპს არ ეძლევა უფლება კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ბელოუსმა ტრამპს შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობაც აუკრძალა და ბრძანა, რომ 5 მარტის პრაიმერებში მისი სახელი ბიულეტენზე არ უნდა იყოს. თუმცა, ყოფილ პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ გადაწყვეტილება შტატის სასამართლოში გაასაჩივროს.
პირველი შტატი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, კოლლორადო იყო. 19 დეკემბერს სასამართლომ თქვა, რომ ტრამპი ამბოხში იყო ჩართული და პრაიმერებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მაგრამ, კოლორადო მაინც ისეთ შტატად მიიჩნევა, სადაც დემოკრატები სავარაუდოდ, იქ ტრამპის მონაწილეობის გარეშეც გაიმარჯვებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კოლორადოშიც შეჩერებულია იმისთვის, რომ ტრამპს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საშუალება მიეცეს. ყოფილი პრეზიდენტი ამის გაკეთებას აპირებს. რესპუბლიკური პარტიის კოლორადოელმა წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოს თავადაც მიმართეს და დონალდ ტრამპისთვის პარტიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა მოითხოვეს.
ყოფილი პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები ამ გადაწყვეტილებებს არადემოკრატიულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური მეტოქის თავიდან მოშორების მცდელობაა დემოკრატების მთავრობის მხრიდან. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე მუხლის ამოქმედება მხოლოდ კონგრესს შეუძლია და პრეზიდენტები დისკვალიფიკაციის ობიექტები არ შეიძლება გახდნენ. ამ მოსაზრებას კოლორადოს შტატის მოსამართლეც ეთანხმებოდა, თუმცა მოგვვიანებით შტატის უმაღლესმა სასამართლომ თავდაპირველი გადაწყვეტილება გაამართლა.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ასევე ამბობენ, რომ პრეზიდენტი არანაირ ამბოხში ჩართული არ ყოფილა და ის სიტყვისა და გაამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლებების ფარგლებში მოქმედებდა. ის თავს უდანაშაულოდ ცნობს ყველა იმ ბრალდებაშიც, რომელთა თანახმადაც, ის 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლას უკანონოდ ცდილობდა. მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებში კვლავ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, თუმცა ის არ მონაწილეობს პარტიის დებატებში და არც პარტიის მიერ სხვა კანდიდატის დასახელლების შემთხვევაში აქვს ვალდებულება, რომ მას მხარი დაუჭიროს.