ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა იმ ერთ-ერთი დაბრკოლების გადალახვა მოახერხა, რაც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატობას ემუქრება.
მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე, რომლის მოთხოვნაც ის იყო, რომ შტატის საპრეზიდენტო პირველად ბიულეტენში ტრამპის სახელი არ მოხვედრილიყო.
მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ არ განიხილავს შტატის იმ ოთხი ამომრჩევლის აპელაციას, რომლებსაც სურთ რომ, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში როლის გამო, ყოფილი პრეზიდენტის სახელი 27 თებერვალს ჩანიშნულ რესპუბლიკელთა პრაიმერის ბიულეტენში არ მოხვდეს. ეს პარტიული არჩევნებია, რომელიც ამერიკაში ორი წამყვანი პარტიის მიერ კანდიდატის დასახელებას უძღვის წინ.
მოსარჩელე ამომრჩევლები ირწმუნებიან, რომ რესპუბლიკელთა ნომინაციისთვის რბოლის ლიდერს არ შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს კონსტიტუციის იმ მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც „აჯანყებაში ან დაუმორჩილებლობაში“ ჩართულ ადამიანებს არჩევითი თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
ტრამპმა თავისი სოციალური მედიის გვერდზე დაწერა, რომ სასამართლომ „ძლიერად და მართებულად უარყო“ ის, რასაც მან მიჩიგანის ბიულეტენიდან მისი სახელის ამოღების „დემოკრატების სასოწარკვეთილი მცდელობა“ უწოდა.
მიჩიგანის შტატის გადაწყვეტილებისგან განსხვავდება კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც კონსტიტუციის იგივე, მე-14 შესწორების მესამე ნაწილის შესაბამისად, ტრამპის, როგორც კანდიდატის დისკვალიფიკაცია მოახდინეს. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ კოლორადოს განჩინებას შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.