ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია დარჩეს ვაშინგტონის შტატში, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობის გამოსავლენ საპრაიმერო ბიულეტენზე. 18 იანვარს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რითიც პრაიმერებიდან ტრამპის დისკვალიფიკაციის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
ისევე როგორც ზოგ სხვა შტატში, ამომრჩევლები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს, ამტკიცებდნენ, რომ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება არ აქვს. მიზეზად ისინი 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებს ასახელებდნენ, როდესაც მისი მიმართვის შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება ყველას, ვინც „ამბოხში მონაწილეობდა“, საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
ამ ხასიათის საჩივრები, ათობით შტატის სასამართლოში შევიდა, თუმცა ის მხოლოდ ორ შტატში, კოლორადოსა და მეინში დააკმაყოფილეს. აშშ-ის უზენაესი სასამართლო დათანხმდა, კოლორადოს გადაწყვეტილების შესახებ, დონალდ ტრამპის სააპელაციო საჩივარი თებერვალში განიხილოს.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, მათ შორის, არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო, მისთვის ამბოხის შესახებ ბრალი არ წაუყენებიათ.
ამ ფონზე, NO Labels-ის ლიდერებმა, ესაა ჯგუფი, რომელიც პოტენციურ მესამე მხარის საპრეზიდენტო კანდიდატურას ამზადებს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს სთხოვეს, გამოიძიონ დემოკრატებისკენ მიმხრობილი ჯგუფებისა და აქტივისტების საქმიანობა, რომლებიც, მათი თქმით, მესამე ძალის მცდელობების ჩაშლაზე მუშაობენ.
ხუთშაბათს ჯგუფმა თქვა, რომ დემოკრატებისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოკავშირეების საჯარო და კერძო ზეწოლის კამპანია, კანონით დაცულ, პოლიტიკური სიტყვის სტანდარტებს სცდება.
"არსებობს აქტივისტების და პარტიის ოფიციალური პირების ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ No Labels-ის წარმომადგენლების, მისი დონორებისა და მისი პოტენციური კანდიდატების მიმართ დაშინებისა და შევიწროების მიზნით სავარაუდო უკანონო შეთქმულებაში", - თქვა დენ უებმა, ჯგუფის ლიდერმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯგუფს ჯერ არ დაუსახელებია კანდიდატი, მაგრამ უკვე მოაგროვა 60 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულება და გაიარა კვალიფიკაცია 14 შტატში, მათ შორის ე.წ. მერყევ შტატებში, - არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.