თითქმის 4 თვის მანძილზე პირველად, ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევან არ ფიქსირდება.
ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკის შემდეგ შტატიც და ქალაქი ნიუ-იორკიც ეტაპობრივად იხსნება, პარალელურად კი მცირდება როგორც ინფიცირების მაჩვენებლები, ასევე გარდაცვალებისა და იმ პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.
პანდემიის პიკი ნიუ-იორკში მარტი-აპრილის თვეებში დაფიქსირდა. მაშინ შტატის მასშტაბით, დღეში საშუალოდ 900 ადამიანი იღუპებოდა. შტატში ექიმების დასახმარებლად ფედერალურმა მთავრობამ სპეციალური ხომალდი და სასწარაფო დახმარების მანქანებიც გაგზავნა. შტატში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი კლება მაისის დასაწყისიდან დაიწყო და ივლისში რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა.
სწორედ შემცირებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე შტატი ნიუ-იორკი ეტაპობრივად გახსნის მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა ამ დრომდე ნიუ-იორკელები მკაცრად რეგულირებადი წესებით მოქმედებენ. საუბარია სოციალურ დისტანცირებაზე და პირბადის გამოყენებაზე.
ამ დრომდე ნიუ-იორკში არ ჩქარობენ საუბარს სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნაზე.
"მნიშვნელოვნად მცირდება დაინფიცირების და მძიმე პაციენტების რაოდენობა. ასევე, მცირდება გარდაცვალების შემთხვევები და ჩვენ ვაგრძელებთ შტატის ეკონომიკების გახსნას. სკოლებთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამ დაგაწყვეტილებას მიიღებს შტატი ქალაქების მერებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს ჩვენი პრეროგატივაა მივიღოთ სკოლების გახსნის გადაწყვეტილება," - ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.
გასული კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განცხადა და მოუწოდა შტატების გუბერნატორებს, რომ სკოლების გახსნა დაიწყოს. პრეზიდენტმა სპეციალური შეხვედრაც გამართა სპეციალისტებთან. თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გადაწყვეტილება ფედერალურ დონეზე და ერთობლივად მიღებული არ უნდა იყოს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შტატებში, სადაც ინფიცირების შემთხვევები კლებულობს, "ფრთხილი ნაბიჯებით" შესაძლებელია სასწავლო პროცესის აღდგენა.
ნიუ-იორკთან ერთად ვითარება გაუმჯობესდა ნიუ-ჯერსში და კონექტიკუტშიც. შემცირებული მაჩვენებლების ფონზე კი სამივე შტატმა მიიღო გადაწყვეტილება იმ 30 შტატიდან, სადაც პანდემიის პიკია, ადამიანების მიღება შეზღუდოს. ფლორიდიდან და ნიუ-იორკში ჩასულ მოქალაქეები ვალდებული არიან 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი გაიარონ.
სამი შტატის მაჩვენებლების გაუმჯობესების პარალელურად, კოვიდ-19-ით ინფიცირებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ფლორიდის შტატსა და ტეხასში. ინფიცირების მაჩვენებლები მატულობს, დაახლოებით, აშშ-ის 30 შტატში.
რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ფლორიდაში, სადაც 15 000 ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეს გამოვლინდა. შტატში საავადმყოფოებში ათასობით ადამიანი გადის მკურნალობას. დახურულია თავშეყრის ადგილები და სანაპირო ზოლები.
მძიმე ვითარებაა ტეხასშიც. შტატში ექიმები ნიუ-იორკის სცენარის განვითარებას ელოდებიან და ამბობენ, რომ საავადმყოფოების დიდი ნაწილი უკვე გადავსებულია. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა შტატებიდან და ფედერალური მთავრობიდან დახმარების მიღება დაჭირდებათ.
უკვე 4 თვეა რთული ვითარებაა კალიფორნიაში. შტატში შეზღუდვები მარტში დააწესეს, რომლებიც მაისში მოიხსნა. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა ივნისის ბოლოს კვლავ დაიწყო. სწორედ ამიტომ კალიფორნიამ გარკვეული შეზღუდვები კვლავ დააწესა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ბოლო დღეების განმავლობაში კითხვის ნიშნები გაუჩნდა პრეზიდენტ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მონაცემები არასწორია და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამერიკაში დიდი რაოდენობით ჩატარებული ტესტირების შედეგია.
აღსანიშნავია, ისიც რომ ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად, შტატებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა 3 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც დაახლოებით, ორჯერ მაღალია ბრაზილიის მონაცემებზე, რომელიც მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.
კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
- აშშ - 3,308,312
- ბრაზილია - 1,864,681
- ინდოეთი - 878,254
- რუსეთი - 732,547
- პერუ - 326,326
ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 135 200-ზე მეტი ადამიანი, რაც ასევე, დაახლოებით, ორჯერ მეტია ბრაზილიასთან შედარებით.
კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყნების ჩამონათვალი:
- აშშ - 135 219
- ბრაზილია - 72 100
- დიდი ბრიტანეთი - 44 904
- მექსიკა - 35 0006
- იტალია - 34 954
*ქვეყნების მონაცემები სრულად
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ კოვიდ-19-ის გავრცელების საწყისი ადგილი და ისიც, თუ რომელი ცხოველიდან მოხდა ვირუსის გავრცელება. ამ ეტაპზე ვუჰანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი იმყოფება, რომლებმაც მუშაობა დღეიდან დაიწყეს. უახლოეს პერიოდში მათ კოლეგები შეუერთდებიან. პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს პირველი დამოუკიდებელი გამოძიებაა.
ვითარება შედარებით გაუმჯობესდა რუსეთში, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად იზრდება. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფიცირების 8 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
მეორე კვირაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ19-ის პანდემიის შესახებ რეკომენდაციების შეცვლაზე მუშაობს, მიზეზი ახალი კვლევაა, რომლითაც ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით არამედ ჰაერითაც გადაიცემოდეს. ფაქტების შესწავლა ჯანმომ გასულ კვირას დაიწყო.
პანდემიას მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა და მონაცემები, სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება. კოვიდ-19 მსოფლიოში დღეისათვის ჯამში 12 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გრძელდება მუშაობა წამლებზე და ვაქცინებზე.
სპეციალისტების აქტიური მუშაობით შესაძლოა პირველი ვაქცინა 2021 წლის იანვარში უკვე მზად იყოს, თუმცა დაზუსტებით ამაზე საუბრისგან ექიმები და ეპიდემიოლოგები თავს იკავებენ. მსოფლიოს მასშტაბით, მიმდინარეობს მუშაობა 10-მდე ვაქცინაზე.
Facebook Forum