ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ „ვლინდება მტკიცებულებები,“ რომ ახალი კორონავირუსის ჰაერიდან - აეროზოლური გავრცელებით - გადადება შესაძლებელია. ამის შესახებ კვირის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფმა ორგანიზაციას ღია წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციების განახლების თხოვნით მიმართა.
„ჩვენ [გარკვეული პერიოდი] ვსაუბრობთ ჰაერიდან და აეროზოლური გზით გავრცელებაზე, როგორც კოვიდ-19-ის გადადების ერთ-ერთ გზაზე,“ თქვა მარია ვან კარხოვმა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯანმოს ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაცია აქამდე აცხადებდა, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი, ძირითადად, აირწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების გადადება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით ხდებოდა, რომლებიც შედარებით მძიმეა და ძირს სწრაფად ვარდება.
ორშაბათს კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნიდან 239 მეცნიერი აწერდა ხელს, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია.
ჯანმო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ვლინდება, ვირუსის ჰაერიდან გადადება ბოლომდე დადასტურებული არ არის.
თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რისკის გადაფასება მოახდინა, აქამდე გამოცემული ზოგიერთი რეკომენდაცია შესაცვლელი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფიზიკური დისტანციის 2 მეტრიანი მანძილის განახლება იქნება. ჯანმოს მიერ რეკომენდაციის შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნებს, რომლებიც ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, საკუთარი პროტოკოლების შეცვლაც მოუწევთ.
Facebook Forum