ასობით მეცნიერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ჯანმო-ს განცხადებით, კოვიდ-19, ძირითადად, ერთი ადამიანიდან მეორეზე დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს ცხვირიდან ან პირიდან გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით - ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.
ორგანიზაციისთვის გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნის 239 მეცნიერი აწერს ხელს, დასახელებულია მტკიცებულებები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსის გადადება ჰაერიდანაა შესაძლებელი მცირე ზომის წვეთების ჰაერში არსებობის გარეშე.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხდება ვირუსის გავრცელება, დახველების, დაცემინების, საუბრის დროს გამოყოფილი წვეთების, თუ ჰაერში გავრცელებული გაცილებით მცირე და მსუბუქი ნაწილაკების შესუნთქვით, მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ჰაერით ვრცელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ვირუსი ჰაერით ვრცელდება, არ არის დამაჯერებელი.
“განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ჰაერით გადაცემა შესაძლოდ მიგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული მყარი ან თუნდაც ნათელი მტკიცებულებებით,“ უთხრა „ნიუ-იორკ ტაიმს“ ჯანმოს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ხელმძღვანელმა.
Facebook Forum