ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ საავადმყოფოებში სარეანიმაციო პალატები სწრაფად ივსება


ინფიცირების მორიგი რეკორდის შემდეგ, ამერიკის რამდენიმე შტატის საავადმყოფოები სარეანიმაციო პალატების სიმცირის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ოთხშაბათიდან ხუთშაბათამდე, ერთ დღეში შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის დიაგნოზი 64 000-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები იზრდება ქვეყნის სამხრეთში და დასავლეთში. სარეანიმაციო პალატები განსაკუთრებით სწრაფად რამდენიმე შტატში ივსება, მათ შორის - არიზონაში, ტეხასში, კალიფორნიაში და ფლორიდაში.

კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაციის მონაცემები ამერიკაში (6 მარტი-6 ივლისი). ფოტო: COVID Tracking Project
კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაციის მონაცემები ამერიკაში (6 მარტი-6 ივლისი). ფოტო: COVID Tracking Project

ენტონი ფაუჩი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატებს დაჟინებით მოუწოდებს, დროებით შეაჩერონ ბიზნესების გახსნის პროცესი. ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი გამუდმებით იმეორებს, რომ კარანტინის ზომების ნაადრევად მოხსნა ვირუსის შეკავების პროცესს აფერხებს და საბოლოო ჯამში, ეკონომიკას კიდევ უფრო ვნებს.

შეერთებულ შტატებში ინფიცირების ხელახალი ზრდა ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 50 000-ს შეადგენდა.

ქვეყანაში დღეს 3 220 995 ინფიცირებულია. გარდაიცვალა 135 838 ადამიანი. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში თითქმის 1.5 მილიონია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში დადასტურებულად ინფიცირებულია 12.5 მილიონამდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7 მილიონ 200 000-ს აღემატება. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ნახევარ მილიონზე მეტი, ამ მომენტისთვის - 558 178 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG