წლის ბოლოსთვის, დღეში დახლოებით 12 000 ადამიანი, შესაძლოა, კოვიდ-19-თან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული შიმშილისგან გარდაიცვალოს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, შიმშილი პოტენციურად, უშუალოდ პანდემიით გამოწვეულ მსხვერპლს გადააჭარბებს. კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ყველაზე მაღალი რაოდენობა 2020 წლის აპრილში დაფიქსირდა და ის დღეში 10 ათასი ადამიანი იყო.
„ოქსფამის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სახელწოდებით, „შიმშილის ვირუსი,“ აცხადებს, რომ წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით დამატებით 121 მილიონი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს შიმშილის ზღვარს მიღმა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჩემა ვერა ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„კოვიდ-19 ბოლო წვეთია მილიონობით ისეთი ადამიანისთვის, რომელზეც უკვე დიდი გავლენა აქვს კონფლიქტს, კლიმატურ ცვლილებებს, უთანასწორობას და სურსათით მომარაგების ჩავარდნილ სისტემას, რომელმაც მილიონობით სურსათის მწარმოებელი და მათი მუშები გააღატაკა. ამ ფონზე, მსოფლიოს რვა უმსხვილესმა საკვებისა და სასმელების კომპანიამ საკუთარ აქციონერებს 18 მილიარდი დოლარი გადაუხადა იანვარის შემდეგ, მაშინაც კი, როცა პანდემია მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა - ათჯერ იმაზე მეტი, ვიდრე გაეროს თქმით, ადამიანების შიმშილობის დასამთავრებლადაა საჭირო,“ თქვა ვერამ.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მოსახლეობის შიმშილის თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვენესუელაში და სამხრეთ სუდანშია. ორივე ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემია კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას. ანგარიშის თანახმად, ასევე რთული მდგომარეობაა ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში.
Facebook Forum