ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოს მთავრობა პრაქტიკაში დამოუკიდებელი არ არის" - TI


საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 12 ინტიტუტიდან, მაღალი, ან მაღალთან მიახლოვებული საბოლოო ქულა, მხოლოდ სამს აქვს - ომბუდსმენის ოფისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საარჩევნო ადმინისტრაციას. ინსტიტუტებს შორის, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სასამართლოს აქვს.

საქართველოს ეროვნული ანტიკორიფციული სისტემის შეფასების შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. კვლევის მიმოხილვის ნაწილში ნათქვამია, რომ ასეთი შედეგი მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს, როგორც კორუფციასთან ბრძოლის, ისე ზოგადად, დემოკრატიის მხრივ.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ინსტიტუტების საერთო ქულები
ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ინსტიტუტების საერთო ქულები

„პარლამენტისა და სასამართლო სისტემის სისუსტე ამცირებს მათ უნარს, ქმედითი ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას. პარლამენტისა და სასამართლოს პრობლემები, თავის მხრივ, დიდწილად გამოწვეულია ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხით და მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლით საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე. ამგვარი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე, რასაც საფუძვლად უდევს მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა რესურსებზე, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების უუნარობა, ქმედითი რეაგირება მოახდინონ საარჩევნო დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების დარღვევებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე. პოლიტიკურ კონკურენციას ასევე საფრთხეს უქმნის ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიაზე და ბიზნესზე.“ - ნათქვამია კვლევის შეფასებით ნაწილში.

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის წინა შეფასებები 2011 და 2015 წლებში გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, 2015 წლის შეფასებასთან შედარებით, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაუარესებულია მთავრობის, სასამართლოს, სამართალდამცავი უწყებების საერთო ქულები. მნიშვნელოვანი პროგრესი, მხოლოდ სახალხო დამცველის შემთხვევაში შეინიშნება.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებები: 2011, 2015, 2020.
ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებები: 2011, 2015, 2020.

კვლევაში წარმოდგენილია, ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ინსტიტუტებში გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები.

კვლევის მიხედვით:

  • დაბალია საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებლობის ხარისხი პრაქტიკაში და შესაბამისად სუსტია საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
  • საქართველოს მთავრობა პრაქტიკაში დამოუკიდებელი არ არის მის საქმიანობაზე არაფორმალური გარე ზეგავლენის გამო.
  • მიუხედავად კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებებისა, სასამართლო ხელისუფლება პრაქტიკაში დამოუკიდებელი არ არის: ადგილი აქვს როგორც გარე აქტორების არაჯეროვან გავლენას სასამართლოზე, ისე თავად სასამართლოს შიგნით ერთი ჯგუფის (ე.წ. კლანის) ზემოქმედებას სხვა მოსამართლეებზე. სასამართლო სისტემაში გაუმჭვირვალედ მიიღება ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნა. არ არის უზრუნველყოფილი მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება კანონის შესაძლო დარღვევების 8 (მათ შორის კორუფციის შესაძლო შემთხვევების) გამო. მოსამართლეთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ხშირად დაუსაბუთებელია.
  • პრაქტიკაში საჯარო სამსახური დამოუკიდებელი არ არის მის საქმიანობაზე არაჯეროვანი პოლიტიკური გავლენის გამო, ხოლო გამჭვირვალობა არათანაბრად არის უზრუნველყოფილი საჯარო სამსახურის სისტემაში.
  • დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია სამართალდამცავ უწყებებშიც, რისი მიზეზიც მათ საქმიანობაზე არაჯეროვანი პარტიული და არაფორმალური გავლენაა. ასევე არ არის უზრუნველყოფილი სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულება: მათი თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დარღვევები და დანაშაულები (მათ შორის კორუფციის შესაძლო შემთხვევები) ხშირად ქმედითი რეაგირების გარეშე რჩება. დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის გამო, სამართალდამცავი უწყებები ვერ ახერხებენ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე ეფექტიანად რეაგირებას.
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამჭვირვალე ინსტიტუტია, რომელიც აქტიურად მუშაობს საჯარო რესურსების განკარგვის შემოწმების კუთხით. ამავე დროს, საჯარო უწყებები ხშირად არ ასრულებენ სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ასევე, ნაკლებად ეფექტიანია სამსახურის მიერ განხორციელებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი, განსაკუთრებით არჩევნების დროს.
  • საარჩევნო ადმინისტრაცია მეტწილად კარგად ართმევს თავს არჩევნების ორგანიზებას, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის მხრივ, ხოლო საარჩევნო საჩივრები ყოველთვის სათანადოდ არ განიხილება.
  • სახალხო დამცველის საქმიანობა დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
  • ქართული კანონმდებლობა უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების დაფუძნებისა და რეგისტრაციის სიმარტივეს, თუმცა პოლიტიკურ კონკურენციაზე უარყოფითად აისახება მართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის რესურსების მხრივ არსებული დიდი უთანასწორობა.
  • კანონმდებლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მედიის საქმიანობისთვის, თუმცა, პოლიტიკური გავლენის შედეგად, პრაქტიკაში დაბალია სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი გავლენიანი მედიის დიდ ნაწილში (მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში).
  • კანონმდებლობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის საქართველოში ბიზნესის ოპერირებისთვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას. არ არის უზრუნველყოფილი კომპანიების ბენეფიციარ მფლობელთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. სუსტია ბიზნესის ჩართულობა ანტიკორუფციულ პოლიტიკაში, ასევე კავშირი ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რაც აფერხებს ერთობლივი ინიციატივების (მათ შორის ანტიკორუფციული ინიციატივების) განხორციელებას.

კვლევაში ნათქვამია, რომ არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რეფორმების გატარებაა საჭირო.

"არსებული გამოწვევები და აუცილებელი რეფორმები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის მთავარი გამოწვევა ამჟამად დემოკრატიული ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმების სისუსტეა, რაც არასაკმარისად კონკურენტული პოლიტიკური გარემოსა და სისტემის ძირითად ინსტიტუტებზე არაჯეროვანი პარტიული და არაფორმალური გავლენის შედეგია.

ამდენად, უახლოეს წლებში ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა კონცენტრირებული უნდა იყოს ამ არაჯეროვანი გავლენის აღმოფხვრაზე და პოლიტიკური კონკურენციის წახალისებაზე, რაც ხელსაყრელ პირობებს შექმნის სისტემის ძირითადი ინსტიტუტების რეალური დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი საქმიანობისთვის." - ხაზგასმულია კვლევაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG