საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, საქართველო 5 ქვეყანას საზღვარს „უპირობოდ“ გაუხსნის.
გადაწყვეტილების შესახებ, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ისაუბრა და განმარტა, რომ იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, თავად საქართველო საზღვრებს, ასევე "უპირობოდ" გაუხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა ზოგერთ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი არ არის.
თავად საქართველო, ევროკავშირმა, 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში 30 ივნისს შეიყვანა. ეს არის სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომლებთან საზღვრის შესაძლო გახსნის შესახებ ერვოკავშირმა რეკომენდაცია გასცა.
რა პირობებს ითვალისწინებს „უპირობო“ გახსნა?
- ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
- საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
- მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
- სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
- საქართველოში ჩასულ თითოეულ პირთან, მთელი იქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.
საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, საქართველო აქამდე არსებულ რეჟიმს ინარჩუნებს.
იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
რაც შეეხება ქვეყნებს გერმანიის, საფრანგეთის, ლატვის, ლიეტუვასა და ესტონეთის გარდა, რომლებმაც ასევე გახსნეს საქართველოსთვის საზღვარი, ჩიქოვანი აცხადებს, რომ „შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით“ შემდგომი მუშაობა გრძელდება.
მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად დასაბრუნებლად, მიმდინარე თვეში, ავიაკომპანიები “Wizzair” და „My way Airlines”, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხუთ რეისს შეასრულებს. ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ რეისების ბილეთების ფასი არაუმეტეს 200 ევრო იქნება.
ამ ორი ავიაკომპანიის გარდა, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ასევე ახორციელებს, ქართული ავიახაზები „აირზენა“.
Facebook Forum