ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმი ფაუჩი სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს


იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები კორონავირუსის შემთხვევების 3 მილიონიან ნიშნულს უახლოვდება, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა სამშაბათს ამერიკელები გააფრთხილა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევების რიცხვის ვარდნის გამო “ყალბ თვითკმაყოფილებას” არ მიეცნენ.

ექიმმა ენტონი ფაუჩიმ კომენტარები,სენატორ დაგ ჯონსთან ერთად “ფეისბუქზე”გამართულ კითხვა-პასუხის სესიის დროს გააკეთა.

ფაუჩიმ თქვა: “არასწორია, რომ სიკვდილობის დაბალმა დონემ დაგვამშვიდოს, ამ ვირუსს სხვა ბევრი საშიში და ცუდი რამ უკავშირდება, ყალბ თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით.”

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, ოთხშაბათისთვის, შეერთებულ შტატებში “კოვიდ-19”-ით გამოწვეული გარდაცვალების 131,457 შემთხვევა აღირიცხა. სამშაბათ საღამოს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერით” ამაყად გამოაცხადა: “კორონავირუსით გარდაცვალების დონე ათმაგად შემცირდა.”

მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ფაუჩიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები პანდემიის “პირველ ტალღაში ჯერ კიდევ მუხლამდე დგას.”

ფაუჩის ბოლო გაფრთხილება იმავე დღეს გაჟღერდა, როდესაც ქვეყანაში “კოვიდ-19”-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა.

ტრამპმა ჯანმოს ბრალი დასდო, რომ კორონავირუსის აფეთქების მართვის დროს ჩინეთის მიმართ მიკერძოება გამოიჩინა და სააგანტოს რეფორმების გატარება მოსთხოვა. აპრილში ტრამპმა ჯანმოს ამერიკული დაფინანსება გაყინა და ერთი თვის შემდეგ ორგანიზაციის დატოვების განზრახვის შესახებ გამოაცხადა.

სამშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ კორონავირუსის გავრცელებაში ჰაერით გადაცემა როლს თამაშობს და ინფექციის თავიდან ასაცილებლად ახალი რეკომენდაციების გამოცემა დაგეგმა.

ორშაბათს, 32 ქვეყნის 239 მეცნიერმა სააგენტოს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა გადახედოს თავის სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ავადმყოფობა.

მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ჰაერში არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურულ სივრცეში ვირუსის ნაწილაკები ჰაერში ლივლივებს და შესუნთქვისას ადამიანების ინფიცირებას ახდენს.

“ჯანმო”-მ ადრე განაცხადა, რომ ვირუსი ინფიცირებული პირის მიერ დახველების ან ცხვირის დაცემინების დროს, სუნთქვით წარმოშობილი უფრო დიდი ზომის წვეთებით ვრცელდება, მაგრამ თავისი ზომის გამო ჰაერში ვერ ჩერდება და სწრაფად ძირს ეცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG