ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა არაპროგნოზირებადი ახალი რბოლის სათავეა - პარალელები ისტორიიდან


ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლა, შესაძლოა პარტია ნომინაციის არაპროგნოზირებადი და ქაოტური პროცესის წინაშე დააყენოს.

ბაიდენმა კვირას, 22 ივლისს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურას ხსნის და მხარი მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დაუჭირა. პრეზიდენტი ბაიდენი, ამ ნაბიჯით, დემოკრატიული პარტიის წევრი კოლეგების რამდენიმეკვირიან ზეწოლას დაემორჩილა, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ მისი ასაკისა და გონებრივი მდგომარეობის გამო და პრეზიდენტს ურჩევდნენ, კნადიდატურა მოეხსნა.

ბაიდენის გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ არის. 1968 წელს, პრეზიდენტმა ლინდონ ბ. ჯონსონმა და 1952 წელს პრეზიდენტმა ჰარი ს. ტრუმენმა, აევე განაცხადეს, რომ მეორე ვადისთვის კენჭისყრას აპირებდნენ, დაიწყეს საარჩევნო პროცესი, თუმცა, მოგვიანებით, რბოლას გამოეთიშნენ.

თუმცა, ბაიდენისგან განსხვავებით, ორივე მათგანი არჩევნების ციკლში გაცილებით ადრე გამოეთიშა რბოლას, რაც მათ პარტიებს მეტ დროს აძლევდა საყოველთაო არჩევნებისთვის რეორგანიზაციისა და სტრატეგიისთვის.

ბაიდენმა საპრეზიდენტო კანდიდატურაზე უარი პარტიის პირველადი ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ და დემოკრატების ეროვნულ კონვენციამდე ერთი თვით ადრე განაცხადა, სადაც ის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად უნდა დასახელებულიყო.

ამერიკის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არასოდეს დაუტოვებია საპრეზიდენტო რბოლა ასე გვიან, თქვა პიტერ ლოუჯმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელმაც ბაიდენის გადაწყვეტილებას "აბსოლუტურად ისტორიული" უწოდა.

„ამერიკის პოლიტიკური სისტემა არ ჰგავს მსოფლიოს უმეტეს ნაწილში არსებულ პოლიტიკურ სისტემას. ჩვენი არჩევნები უსასრულოა - და უსასრულოდ ძვირი“, - თქვა ლოუჯმა.

გაერთიანება ჰარისის გარშემო?

ბაიდენის მიერ, ბოლო წუთს საპრეზიდენტო რბოლის შეწყვეტის გამო, პარტიაში ცდილობენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გაერთიანდნენ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გარშემო.

ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის შეწყვეტიდან რამდენიმე საათში, მაღალი დონის დემოკრატების ფართო სპექტრმა, მათ შორის, ზოგიერთმა, ვინც პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატად ითვლებოდა, მხარი დაუჭირა ჰარისს და თქვა, რომ მნიშვნელოვანია პარტია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დასამარცხებლად გაერთიანდეს.

ჰარისისთვის საკმარისმა მხარდაჭერამ შეიძლება ხელი შეუშალოს სცენარს, რომელიც ცნობილია ღია კონვენციის სახელით, რომელშიც არ არის თავიდანვე წინასწარ განსაზღვრული ერთიანი კანდიდატი. ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ასეთი შედეგი შეიძლება უაღრესად გამყოფი და უკონტროლო იყოს.

„შესაძლოა, მთლიანად ღია კონვენცია არ იყოს კარგი იდეა, რადგან ის ანგრევს პარტიას, განსხვავებით ერთი კონკრეტული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებისა“, - ამბობს გარი შმიტი, პოლიტოლოგი.

”მომდევნო დღეები საკმაოდ კრიტიკულია [იმ თვალსაზრისით], თუ რამდენად გაერთიანდებიან დემოკრატები და დონორები ჰარისის ირგვლივ”, - დასძინა მან.

როგორ მუშაობს ასეთ დროს პარტიის საარჩევნო სისტემა?

ჩვეულებრივ, ნებისმიერი გაურკვევლობა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით კონვენციამდე წყდება.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ტრადიციის მიხედვით, კონვენციებს წინ უძღვის შტატებში ჩატარებული არჩევნების სერია - პრაიმერი, რომელიც, ფაქტობრივად, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას განსაზღვრავს.

ნომინაციის მოსაგებად, საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს პარტიის დელეგატების ხმების უმრავლესობის მიღება. ყველა შტატს განსხვავებული რაოდენობის დელეგატები ჰყავს. საბოლოოდ, დელეგატები კონვენციაზე, პარტიის ყრილობახზე იკრიბებიან და ბოლო ხმის მიცემით ასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატს.

განსხვავებული საარჩევნო წელი

19 აგვისტოს, როდესაც ჩიკაგოში დემოკრატი დელეგატები შეიკრიბებიან, დეტალებს შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

დემოკრატიული პარტიის დელეგატების აბსოლუტური უმრავლესობა - დაახლოებით 3,900 - უკვე გარანტირებულად უჭერდა მხარს ბაიდენს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველია ვის დაუჭერენ მისი მომხრე დელეგატები მხარს. ღია კონვენციის სცენარში, ნებისმიერ კანდიდატს ექნება კენჭისყრის უფლება, თუ საჭირო 300 დელეგატის ხელმოწერას შეაგროვებს.

მას შემდეგ, რაც ყველა დელეგატი მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრის პირველ ტურში, თუ არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს დელეგატთა უმრავლესობის მხარდაჭერას, მაშინ კონვენცია კიდევ უფრო საკამათო პროცესისკენ გადაიხრება, რომესლაც შუამავლობითი კონვენცია ქვია. ამ დროს, კანდიდატები და პარტიის გავლენიანი ფიგურები ცდილობენ დელეგატების ხმების მოზიდვას, ძირითადად, კერძო მოლაპარაკებების საშუალებით.

წუხილი ლეგიტიმაციაზე

შედეგიდან გამომდინარე, არსებობს პოტენციური შეშფოთება ლეგიტიმურობის შესახებ. ათწლეულების განმავლობაში პირველად, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ამომრჩევლები პირდაპირ არ აირჩევენ.

თუმცა, ასეთი შეშფოთება შეიძლება შემცირდეს, თუ ჰარისი იქნება ნომინირებული, რადგან ის პირველად საარჩევნო ბიულეტინზე, როგორც ბაიდენის კანდიდატი ისე აღმოჩნდა, ფიქრობს თომას შვარცი, ისტორიკოსი და ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორი.

თუ ჰარისმა არ მოიგო ნომინაცია, ამან შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილება მის ზოგიერთ მხარდამჭერში, დასძინა შვარცმა.

„ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, რადგან იდეა იყო, რომ ისინი [დემოკრატები] ერთგვარ წესებს ცვლიდნენ, აფროამერიკული, აზიური წარმოშობის ქალის [კანდიდატურის დაყენებით], [ჰარისის ნომინაციის გარეშე დატოვებამ] შეიძლება გამოიწვიოს არეულობა პარტიის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერებში“, - თქვა შვარცმა.

გაურკვევლობა

ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ტრამპს მზარდი უპირატესობა აქვს ბაიდენის წინააღმდეგ, მათ შორის, ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატებში, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგზე.

არ არსებობს გარანტია იმის, რომ დემოკრატები თავიანთ შედეგს კანდიდატების შეცვლით გააუმჯობესებენ.

როდესაც პრეზიდენტები ტრუმანი და ჯონსონი, ორივე დემოკრატი, რბოლას გამოეთიშნენ და პარტიამ ახალი კანდიდატები წარადგინა, მოგვიანებით, თავის რესპუბლიკელ კონკურენტთან ორივე დამარცხდა.

ჯენიფერ მერსიეკა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის საპრეზიდენტო რიტორიკის მეცნიერი ამბობს, რომ სიტუაცია ძალზე გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ, სავარაუდოდ, პარტიის კულისებში ძალაუფლების მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება.

”ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი სპეკულაციაა”, - თქვა მან. „წარმოდგენა არ გვაქვს [რა იქნება] - მსგავსი რამ აქამდე არ გვინახავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG