ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის აღარ იბრძოლებს - რა ხდება შემდეგ?


21 ივლისს, კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ტოვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო რბოლას. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის პოლიტიკურ რუკაზე, აქამდე მოუნიშნავი სივრცე გამოჩნდა.

ჯო ბადიენმა, დემოკრატიული პარტიის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, ვიცე-პრეზიდენტ კამალა-ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი.

რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“, ამ კითხვით „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარს, ელეინ კამარკს მიმართა.

რა ხდება ახლა?

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა, პრაიმერიში გამარჯვებით, ბოლო რამდენიმე თქვე, ამერიკის შტატებსა და ტერიტორიებზე, 4000-მდე დემოკრატი დელეგატის შეგროვებაში გაატარა. მისი თქმით, ჩვეულებრივ, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე, პარტიულ ყრილობაზე, ეს დელეგატები ხმას ჯო ბაიდენს მისცემდნენ იმისთვის, რომ ყოფილიყო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. დემოკრატების ეროვნული ყრილობის გამართვა, 19-22 აგვისტოს, ჩიკაგოშია დაგეგმილი. თუმცა, დელეგატებს წესები არ ავალდებულებთ, ხმა აუცილებლად ჯო ბაიდენისთვის მიეცათ და მათ ხმის მიცემა თავიანთი სინდისით შეუძლიათ. რაც ნიშნავს, რომ დელეგატებს შეუძლიათ, თავისი ხმა სხვა კანდიდატს მისცენ. განზე გადგომით, ბაიდენი ფაქტობრივად „ათავისუფლებს“ თავის დელეგატებს, რაც პოტენციურად იწვევს კონკურენციას, სხვა დემოკრატ კანდიდატებს შორის, ამბობს კამარკსი.

ვინ შეიძლება შეცვალოს ბაიდენი?

პრეზიდენტმა ბაიდენმა, მხარი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა და ის სიის სათავეშია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტი ხდება პრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი გარდაიცვლება ან ქმედითუუნარო გახდება, მაგრამ ეს არ მოქმედებს კანდიდატის შერჩევის პროცესზე.

ანალიტიკოსის თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშიარი და ილინოისის გუბერნატორი ჯეი ბი პრიცკერი, ყველა პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევა. აქამდე ისინი იყვნენ ბაიდენის მხარდამჭერები, რომლებიც მუშაობდნენ მისი მეორე ვადით არჩევისთვის.

როგორ აირჩევს პარტია ნომინანტს?

„ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარი მიიჩნევს, რომ შესაძლოა იყოს რაიმე სახის შეჯიბრობითობა, ყველა პოტენციურ დემოკრატ კანდიდატს შორის.

ნომინაციის უზრუნველსაყოფად, კანდიდატმა უნდა მიიღოს დელეგატების ხმების უმრავლესობა - ანუ მეტი ხმა, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად.

თუ ამას ვერცერთი მიაღწევს, მაშინ იქნება "შუამავლობითი კონვენცია", რომელშიც დელეგატები მოქმედებენ როგორც თავისუფალი აგენტები და მოლაპარაკებას აწარმოებენ პარტიის ხელმძღვანელობასთან.

დაწესდება წესები და იქნება სახელობითი კენჭისყრა ნომინაციაში მოთავსებულ სახელებზე.

შესაძლოა, კენჭისყრის რამდენიმე რაუნდი გახდეს საჭირო იმისთვის, რომ ვინმემ უმრავლესობა მოიპოვოს და გახდეს ნომინირებული. ბოლო შუამავლობით ჩატარებული ყრილობა, როდესაც დემოკრატებმა ვერ დაასახელეს კანდიდატი პირველ კენჭისყრაზე, იყო 1952 წელს.

რა ხდება ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებით?

ბაიდენ-ჰარისის კამპანიას, მაისის ბოლოს, საბანკო ანგარიშზე 91 მილიონი დოლარი ჰქონდა. მაგრამ, კამპანიის დაფინანსების სამართლის ექსპერტები ვერ თანხმდებიან საკითხზე, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ეს ფული სხვა კანდიდატის კამპანიას მოხმარდეს.

იმის გამო, რომ ჰარისი ასევე მონაწილეობს კამპანიაში, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ფინანსები მას გადაეცემა, თუ ის იქნება დასახელებული. მაგრამ, მიმდინარეობს დებატები იმაზე, უნდა იყოს თუ არა ბაიდენი ოფიციალურად დასახელებული პარტიის კანდიდატად, სანამ ტრანსფერი განხორციელდება.

XS
SM
MD
LG