ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო გამოხმაურება ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, აღარ იბრძოლოს მეორე ვადით არჩევისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს, 21 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა და განაცხადა, რომ ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ამბობს თეთრი სახლის მეორე ვადით დაკავებისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ახლა მთლიანად ფოკუსირებული იქნება, ვადის დასრულებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე.

ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა, 2025 წლის იანვარში დასრულდება. დღესვე, მან განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტობისთვის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის დასახელებას. დემოკრატიული პარტია, საკუთარ კანდიდატს, ოფიციალურად აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ კონვენციაზე დაასახელებს.

წარმოგიდგენთ საერთაშორისო გამოხმაურებებს:

კირ სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

”მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველი, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში”, - თქვა სტარმერმა განცხადებაში.

დმიტრი პესკოვი, კრემლის სპიკერი

„არჩევნებამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა და ეს ხანგრძლივი პერიოდია, რომელშიც ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და ყურადღებით დავაკვირდეთ რა მოხდება. ჩვენთვის პრიორიტეტი სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, - გამოცემა „Shot”-თან საუბრისას, პესკოვმა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, კვლავ სპეციალურ სამხედო ოპერაციად მოიხსენია.

ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

„ჯო ბაიდენმა მიაღწია ბევრს: თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის“, - წერს შოლცი X-ზე.

„მისი წყალობით, ტრანსალტრალნტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია და შეერთებული შტატები, ჩვენთვის კარგი და სანდო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება, კენჭი აღარ იყაროს, აღიარებას იმსახურებს“, - წერს შოლცი.

პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

"მთელი ჩემი აღფრთოვანება და აღიარება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მამაცი და ღირსეული გადაწყვეტილების გამო. მისი მონდომებისა და ლიდერობის წყალობით, აშშ-მა დაძლია ეკონომიკური კრიზისი, პანდემიისა და კაპიტოლიუმზე სერიოზული თავდასხმა შემდეგ. სამაგალითო იყო უკრაინის მხარდაჭერით, პუტინის რუსული აგრესიის წინაშე. ეს დიდი ჟესტია დიდი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც ყოველთვის იბრძოდა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის“, - წერს სანჩესი X-ზე.

საიმონ ჰარისი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი

"ირლანდიის ხალხისა და მთავრობის სახელით... მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი გლობალური ლიდერობისთვის და თქვენი მეგობრობისთვის“, - თქვა ჰარისმა განცხადებაში.

იონას გარ სტიორე, ნორვეგიის პრემიერ მინისტრი

"მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ის ამართლებს გადაწყვეტილებას იმით, რომ მას სურს ქვეყანა საკუთარ თავზე მაღლა დააყენოს. ეს მსჯელობა პატივისცემას მოითხოვს", - თქვა სტოერმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG